ქართული ღვინო, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე სულ უფრო, პოპულარული ხდება. როგორც ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ერგეში მდებარე მარანი "ჩხაველის" თანადამფუძნებელი, მაკა თედორაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქართულ ღვინოს უცხოეთში, მათ შორის ჩინეთისა და იაპონიის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

მაკა თედორაძის ინფორმაციით, დაინტერესების ძირითადი მიზეზი 8 000-ს წლიანი ისტორია და უცხო გემოვნური თვისებებია.

"წლების განმავლობაში განვითარდით და გაცილებით მაღალი დონის ღვინოს ვამზადებთ. ადრე მოთხოვნიდან გამომდინარე, მევენახეები ღვინოს დიდ დანამატებს უმატებდნენ და შესაბამისად, რაოდენობრივად მეტი, თუმცა ძალიან ცუდი ღვინო გამოდიოდა. დროსთან ერთად საკმარისი განათლება მივიღეთ, თუნდაც ღვინის ინდუსტრიაში, მიმდინარე ტენდენციებს ფეხი ავუწყვეთ და მევენახეებმა გაცილებით მაღალი დონის ღვინის წარმოება დაიწყეს.

მაღალი დონის ღვინის წარმოების დროს, მოგეხსენებათ კარგი შეფასებაც არ აყოვნებს და პოტენციური მყიდველის რიცხვიც იზრდება. მაგალითად, იტალიაში ძალიან საინტერესო ღვინოები აქვთ, ამ ყველაფერს ხელს ყურძნის ჯიში, ადგილმდებარეობა, გამოცდილება, ტექნოლოგია, ცნობადობა უწყობს და გასაგებია. ჩვენ რაც შეგვეხება, არ უნდა გამოგვრჩეს საკუთარი წარსული, 8 000 წლის წინანდელი ისტორია არ უნდა დავივიწყოთ - ღვინის სამშობლო ვართ. შეჯამების სახით, მინდა გითხრათ - ქართულ ღვინოს, ნებისმიერ უცხოურ ბაზარზე, მათ შორის, ჩინეთსა და იაპონიაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. განსხვავებული გემოვნური თვისებები, მაღალი ხარისხი და დიდი ისტორია - ეს ყველაფერი უცხოელებისთვის ძალიან საინტერესოა. მაგალითად, საფერავს დაძველების კუთხითაც დიდი პოტენციალი აქვს, ეს კი უცხოელ მომხმარებლებში დიდ აღფრთოვანებას იწვევს", - აღნიშნავს "ჩხაველის" თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.

bp.ge