“ეფ ეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი  პლასტმასის ბოთლების იმპორტისა და რეალიზაციის გადავადებას  მიესალმება. როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა,  4  წელი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ბიზნესი დაანონსებულ ცვლილებებს მომზადებული შეხვდეს. მანამდე კი ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაგრძელდება.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ოთხი წელი საკმარისი ვადაა იმისთვის რომ გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან კონსულტაციები. იმისათვის რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებას სასმელების ინდუსტრიის შესაფუთი ნარჩენებისათვის, ეს განვახორციელოთ უახლოეს მომავალში,“- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესს ამ ნაწილში ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება.

„მისაღებია ე.წ.რეგლამენტი - ანუ თამაშის წესები, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ამ კლასიკური სეპარირებული შეგროვების სქემასა ან  დეპოზიტისა და დაბრუნების სქემას. ორივე არის წარმოების გაფართოებული გაფართოების ნაწილი. ეს კონსულტაციები დაიწყება აღდგომის შემდეგ და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

მოლოდინია, რომ გვექნება სეპარირებული შეგროვების, ამოღებისა და გადამუშავების შესაძლებლობა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პლასტიკის ზეგავლენას გარემოზე. თუკი ეს მიზანი მიღწეული იქნება, ოთხი წლის შემდეგ ტოტალურ აკრძალვაზე საუბარი შეიძლება აღარც კი იყოს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ ეს არის მწარმოებლის ვალდებულება. ეს ხარჯიანი საქმეა თუმცა მართვადი,"- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ცნობისთვის, სასმელის პლასტმასის ბოთლებით იმპორტისა და  რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა. გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი