საქართველოს პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას სტარტაპების განვითარებისთვის გეგმავს.

სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ სამთავრობო გუნდი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას გააგრძელებს. ამისათვის 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მმართველობის პირობებში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების ხელშესაწყობად, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის განხორციელება გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს 40 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.

რეგიონებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც 40-მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში კი 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს გაივლის, რომელიც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებადი პროდუქტის გატანაში დაეხმარება, სტარტაპებს მენტორინგს და გაუზიარებს რელევანტურ ცოდნას გაუწევს.

ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიზნით სამთავრობო პროგრამის მიხედვით, გაფართოვდება ტექნოპარკების ქსელი საქართველოში და ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშეწმყობი პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება.

გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. ამისთვის, დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკის გახსნა, რომლებმაც ინოვაციური სერვისების მიწოდებასა და ადგილობრივ მოსახლეობაში ტექნოლოგიური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყონ ხელი.

არსებულ ტექნოპარკებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ტექნოლოგიებთან შეუზღუდავ წვდომას და მათი ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას.

„2024 წელს, საქართველოს ყველა ტექნოპარკის ბაზაზე ჩატარდება სულ მცირე 300 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას არანაკლებ 4 500 ბენეფიციარი მიიღებს.

ასევე გაგრძელდება პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას ინოვაციური ბიზნესიდეების დახვეწასა და რეგიონული საგრანტო პროგრამისთვის მომზადებაში.

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მეშვეობით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა ისეთი სამეცნიერო პროექტების შესარჩევად, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური მზაობა და კომერციალიზაციის პოტენციალი. სამეცნიერო პროექტების კონკურსის წარმატებულ განმცხადებლებთან 2024 წელს დაიწყება ინტენსიური მუშაობა შერჩეული პროექტების საერთაშორისო კომერციალიზაციის მიმართულებით“, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.