ცოლ-ქმარმა - თეკა ჯამაკაშვილმა და გიორგი ძაგანიშვილმა ეკომეგობრული ხის სახელოსნო-საწარმო „ბამო“ 2020 წელს შექმნეს. „ჩვენი პრიორიტეტია ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, ზრუნვა და ბუნებასთან ჰარმონია. ვქმნით ბავშვზე, მის უსაფრთხო და შემოქმედებით განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს, მცირე ზომის ავეჯს და დეკორს“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბრისას თეკა ჯამაკაშვილი. მისი თქმით, ბოლო წლებში „ბამოს“ მეორადი ხისგან დამზადებულ, ეკომეგობრულ პროდუქციაზე მოთხოვნა ქართველ მომხმარებელში იზრდება, რადგან ამ მიმართულებით ცნობადობა მატულობს.

უახლოეს თვეებში, 2024 წლის დასაწყისში, „ბამო“ საკუთარი სივრცის მოწყობას გეგმავს, სადაც პროდუქციას დაამზადებენ, გაყიდიან, შოუ-რუმიც იქნება და ადგილზე მასტერკლასებსაც მოაწყობენ.

„კომერსანტი“ თეკა ჯამაკაშვილს „ბამოს“  შექმნისა და განვითარების გეგმებზე დეტალურად ესაუბრა.

როდის შეიქმნა „ბამო“ და როგორ ვითარდებოდა?

თეკა ჯამაკაშვილი, „ბამოს“ თანადამფუძნებელი: „ბამო“ ოფიციალურად 2020 წელს შეიქმნა. თუმცა, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მე და ჩემმა მეუღლემ -გიორგი ძაგანიშვილმა ოჯახი შევქმენით. პირველი შვილის მოლოდინისას, მისთვის სათამაშოების შექმნა დავიწყეთ, მანამდე ყოველ წელს ახალ-ახალ ნაძვის ხეს ვაკეთებდით. ოჯახი იყო „ბამოს“ ინსპირაცია. ჯერ დაინტერესება ახლობლებიდან წამოვიდა გვეუბნებოდნენ, რომ მეტი გაგვეკეთებინა და გაგვეყიდა. თან პანდემიამ მოგვისწრო და ბევრი დრო გვქონდა ამისთვის და 2020 წელს ფართო აუდიტორიის წინაშე წარვდექით.

რას ამზადებთ, გაგვაცანით თქვენი პროდუქცია.

„ბამოს“ წამყვანი ხაზი ხის არტ დეკორია - მშრალი, ან გადამუშავებული ხისგან სახლებს ვამზადებთ, საერთოდ, „ბამოს“ კონცეფცია არის ოჯახი, სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და გარემოზე. პროდუქცია იქმნება მეორადი ხისგან. ვცდილობთ, რომ მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ ერთი შეხედვით, გამოუსადეგარ ნივთებს. ნივთების დამზადებისას სხვადასხვა მედიუმს ვიყენებთ - ეს შეიძლება იყოს ქვა, რკინა, ტყავი, ხელოვნური ტყავი, ნაჭერი.

საბავშვო სეგმენტს რაც შეეხება, ვამზადებთ სათამაშოებს, საბავშვო მცირე ზომის ავეჯს, სახლის ფორმის სკამი გვაქვს, საბავშვო გადასატანი ჩემოდანი-კარადა, კარავი-სახლი, რომელსაც ტრანსფორმერის ფუნქცია აქვს. გვაქვს თვითმფრინავის ფორმის თაროები, რომელიც ეგზიუპერითაა შთაგონებული და მასზე მოთხოვნა არის, გქონდა ასევე თვითმფრინავის ფორმის საქანელები.

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

პროდუქცია იყიდება სოციალურ ქსელებში - ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ექსპორტზე Esty-ს საშუალებით გაგვაქვს, ამას გარდა „ბამოს“ არტ-დეკორი და სათამაშოები იყიდება თბილისის 4-5 ფიზიკურ მაღაზიაში, მათ შორის „სითი მოლში“, მარშალ-გელოვანზე „კონტეინერში“, აბაშიძეზე „პეტიტ ბაზარში“ და „გარდენია შევარდნაძეში“. აქტიურად ვმონაწილეობთ ნებისმიერ საშობაო გამოფენაში და წელსაც ვემზადებით.

როგორია თქვენი სათამაშოებისა და სახლების ფასები?

ფასები დეკორის შემთხვევაში იწყება 30 ლარიდან და ადის 150 ლარზე, ბავშვის სათამაშოებიდან ამ ეტაპზე გვაქვს კარვის სახლი, მისის ფასი 450 ლარია, ფასები 160 ლარიდან 500 ლარამდეა.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სახელოსნოს გაზრდა გვინდა. გვინდა მოვაწყოთ ჩვენი მაღაზია-შოურუმი, იქ გაიყიდება ჩვენი პროდუქცია და იქვე მოეწყობა მასტერკლასები. ამას გარდა, ქსელის გაფართოებასაც ვგეგმავთ და კიდევ დაემატება ობიექტები, სადაც ჩვენი პროდუქცია გაიყიდება.

როდის აპირებთ გაფართოებას?

უახლოეს პერიოდში, 2024 წლის დასაწყისისთვის.