2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, თუ 2023 წელს გასაქირავებელი კომერციული ფართის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 22 აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 24.1 დოლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, იკლო გასაქირავებელი ფართების რაოდენობამ. კერძოდ, 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური იყო 23 310 კვადრატული მეტრი ფართობი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13 648 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.
„ქვეყნის დამატებული ღირებულების ნახევარი იქმნება და კომერციული უძრავი ქონებაც ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული“, - ნათქვამია ანგარიშში.
სექტორული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით, თბილისში 10 მთავარი სავაჭრო ცენტრია, რომელთა საერთო კომერციული ფართობი 291 728 კვადრატულ მეტრს შეადგენს.