Gudauri Lodge-ს დირექტორის ანდრო ვლასოვის განცხადებით, 2024 წელს სასტუმროს გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა.
როგორც ვლასოვი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მიმდინარე წელს მოთხოვნამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, საერთო ჯამში კი ტენდენცია დადებითად შეიძლება შეფასდეს.
"ჩვენი დამსვენებლები ძირითადად უცხოელები არიან, თუმცა ასევე, გვსტუმრობენ ქართველებიც. გუდაურში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა. კურორტამდე მოსასვლელი გზაც არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, გარდა ამისა, შიდა გზები და ტროტუარებიც მოუწესრიგებელია. ამასთან არ არსებობს ტრანსპორტი, რომელიც დამსვენებლების საბაგიროებთან მიიყვანს და ამის უზრუნველყოფა თავად ბიზნესებს უწევთ. კურორტი დღესაც მოთხოვნადია, თუმცა იმისათვის, რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს საჭიროა ძირეული პრობლემების მოგვარება. ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვგეგმავთ, თუმცა ყოველწლიურად ვაახლებთ როგორც გარე ისე შიდა ინფრასტრუქტურას", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.
სასტუმროს დირექტორი ასევე, MICE ტურიზმის მიმართულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ სასტუმროში ამ სეგმენტს მცირე წილი უჭირავს და ძირითადი მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე არის ხოლმე.
ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს.