საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA), 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით 2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ  1 668 280  ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა  959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის - 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.

2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან  და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.