ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია WST-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტურისტული კომპანიის მომხმარებლების თითქმის 100% უცხოელები არიან.

"ამჟამად გვყავს 4 ორსართულიანი ავტობუსი, სადაც მოქმედებს აუდიოგიდი. მომსახურების საფასური ქალაქის ტურის შემთხვევაში ტურისტისთვის არის 60 ლარი, ხოლო ადგილობრივისთვის  - 30 ლარი.

გარდა ამისა, მთელ საქართველოში გვაქვს 1-დღიანი ტურები. მათ შორის, კახეთის, გუდაური-ყაზბეგის და ასევე, მცხეთის მიმართულებით. ამასთან,  ვარძიაში კვირაში 3-ჯერ გვაქვს ტური, გორი-უფლისციხე და ქუთაისში კი კვირაში 2-ჯერ", - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

WST-ის გენერალურმა დირექტორმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გავლენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანიას დეკემბრის დასაწყისში გაყიდვები 20-25%-ით შეუმცირდა.

"ტურიზმი ძალიან ფაქიზი მიმართულებაა იმ კუთხით, რომ ყველა პატარა პროცესიც მოქმედებს ჩვენზე და ტურისტი თუ შეშინდა ძალიან რთულია მისი უკან დაბრუნება. შესაბამისად, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ყველა უფრთხის საქართველოში ჩამოსვლას. აქედან გამომდინარე, სტუმარმასპინძლობის სექტორზე, ამ ყველაფერს ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა აქვს. ამ ეტაპზე, რადგან ახალი წელია ასე თუ ისე გვყავს მომხმარებლები, თუმცა მე უფრო მომდევნო თვეების მეშინია. როდესაც დასრულდება საახალწლო პერიოდი შემდეგ უფრო იქნება კრიზისი. ახალი ჯავშნები არ არის და ვცდილობთ დავარწმუნოთ სამიზნე ბაზრები, რომ ყველაფერი კარგად არის და როგორღაც დავაინტერესოთ ჩვენით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უფრო დიდი კამპანია უნდა აწარმოოს იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ", - აღნიშნა გერმანე ჭელიძემ.

ცნობისთვის, კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე. 

ბიზნესპარტნიორი