შარშანდელთან შედარებით, ისეთი აქტიურობა არ არის და გაყიდვები, დაახლოებით, 20-30%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან"განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  აღნიშნული კლება, სავარაუდოდ,  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

"საახალწლო პერიოდი "თბილისი ცენტრალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ განთავსებულია ობიექტები, როგორიც არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები და ოქროს ბირჟა, რომელთა 1 კვარტალის გაყიდვები, დეკემბრის თვეზე მოდის ხოლმე. 

არჩევნების შემდეგ დაწყებული პროცესები ნეგატიურად აისახება მომხმარებლების განწყობასა და სურვილზე, რომ საახალწლო "შოპინგი" აქტიურად წარმართონ. გარდა ამისა, არის გაურკვევლობის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ტექნიკის შეძენა საკმაოდ დიდ დანახარჯს მოიცავს და ალბათ, მომხმარებლების უმეტესობამ თანხების მოფრთხილება და დაზოგვა გადაწყვიტა, ან სხვა საქმისკენ მიმართა", - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, რაიმე მოლოდინებზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია. 

"დასანქცირების გადაწყვეტილება განსაკუთრებით აშშ-დან ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის გარე იმიჯზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ინვესტიციებს და უცხოურ დახმარებებს. ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური უცხოური ვალუტის შემოდინება, რომლის წყარო ან პირდაპირი ინვესტიცია იყო, ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება, ან ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. დღეს ინვესტიციები თითქმის აღარ არის, ასევე ვხედავთ, რომ ყოველ დღე საერთაშორისო დახმარებები მცირდება და ამას ემატება ისიც, რომ პირველი კვარტალი ყველაზე დაბალი სეზონია საცალო სავაჭრო ქსელებში და რაიმე სტაბილურ პროგნოზზე საუბარი დღეს საკმაოდ არარეალისტურია. 

თუ ქვეყანაში მოხდება დეესკალაცია და პოლიტიკური პროცესების გადატვირთვა, რაც ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას მოიცავს, ჩვენ შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და ისევ ნორმალურ გარემოში აღგვიქვან დასავლელმა პარტნიორებმა", - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

"თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტი, ამ ეტაპზე, თითქმის 100%-ით დატვირთულია. 

Bp.ge