„ბუნებრივია, მოლოდინები ნეგატიურია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილები ჯერ კიდევ გზაშია, მინიმუმ 3-4 თვე, ეს პრობლემა ჯერ ისე მწვავედ ჩვენთან არ იგრძნობა, მაგრამ ალბათ, მომდევნო პერიოდში გამოიკვეთება, რასთან გვექნება საქმე“,- ასე შეაფასა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იან ტარიფის დაწესებას გულისხმობს.
როგორც ალექსი ნონიაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დაახლოებით 3-5 თვის პერიოდის განმავლობაში გახდება ცნობილი, გაძვირდება თუ არა აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს გაურკვევლობა უკვე ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზე.
„თუ ვისაუბრებთ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკაზე, აქ ალბათ, უნდა ჯერჯერობით მნიშვნელოვანია მოლოდინები, რომელიც ექნება ჩვენს ადგილობრივ ავტოიმპორტიორებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია ამ ბიზნესში. 2023 წელს 60 ათასი ავტომობილით მეტი შემოვიდა საქართველოში და ჯერ კიდევ ვერ ამოიყიდა ბაზრიდან, ისევ პრობლემას წარმოადგენს, გადმოჰყვა 2024 წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ არის დარჩენილი 2025 წელსაც. ბუნებრივია, მოლოდინები ნეგატიურია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილები ჯერ კიდევ გზაშია, მინიმუმ 3-4 თვე, ჯერ ისე მწვავედ ეს პრობლემა ჩვენთან არ იგრძნობა, მაგრამ ალბათ, მომდევნო პერიოდში ( 3-5 თვის განმავლობაში) გამოიკვეთება, რასთან გვექნება საქმე და როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება ჩვენ ავტოიმპორტიორებისთვის.
არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც ამ ბიზნესზე მოქმედებს. თუ მხოლოდ ერთ ფაქტორს ავიღებთ, იმას რაც ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იანი ფასნამატი ექნება აშშ-ის იმპორტირებულ ავტომობილებს, ბუნებრივია გაიზრდება [ფასი]. არ გაიზრდება 2-3 თვეში, მაგრამ 4-5 თვეში გაიზრდება.
თუმცა, ასე რადიკალურები ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ ტრამპის განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალს, რაც საკმაოდ რთული საქმეა, ყოველდღე რაღაც ახალ განცხადებებს აკეთებს, მანამდე იმასაც ამბობდა, რომ გარკვეულ გადასახადებს შეამცირებს, ამერიკული ავტომობილების მყიდველებისთვის. ასევე განცხადებები ჰქონდა სხვადასხვა პროდუქციის ფასნამატზე, საერთო ჯამში, ეს მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ამერიკის მოქალაქის მსყიდველობითუნარიანობამ, ხელფასები, ფასები, ეს ყველაფერი მოქმედებს ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტომობილი იქ ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს, მაინც ეს იმ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი, სადაც პრეზიდენტი გადაირჩიეს იმის გამო, რომ კვერცხი გაძვირდა. ამიტომ, თუ ტრამპის გადაწყვეტილების და პოლიტიკის გამო გაიზრდება ფასები, უმუშევრობა მოიმატებს, შემოსავალი შეუმცირდება აშშ-ის მოქალაქეების დიდ ნაწილს, ეს ყველაფერი იმოქმედებს მეორადი ავტომობილების მიწოდების ბაზარზე. შესაბამისად, იმოქმედებს ჩვენზეც.
იქიდან გამომდინარე, რომ საპირისპირო განცხადებებს ვისმენთ, ასე ცალსახად საუბარი, თუ რა შედეგებს გამოიღებს, რთულია. თუმცა, თვითონ ეს გაურკვევლობა უკვე ნეგატიურად მოქმედებს ბაზარზე“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ლი მარტიდან გეგმავდა. თუმცა მსხვილი ავტომწარმოებლების გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ გადაწყვეტილების ამოქმედება 1 თვით, აპრილამდე გადაავადა.