2022 წელს მაღაზიების რაოდენობა 19%-ით, მთლიანი სავაჭრო ფართი კი 7%-ით გაიზარდა. ინფორმაცია თიბისი კაპიტალის პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებულ კვლევაშია აღნიშნული.
„მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზრის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.
2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების გახსნა იყო პრიორიტეტული, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვებზე დადებითად აისახა. 2022 წელს ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების რაოდენობა 2171 იყო, მაშინ როდესაც 2021 წელს - 1819 მაღაზია იყო. 2022 წელს, წლიური გაყიდვები ერთ კვადრატულ მეტრზე 12433 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.
პოსტ-პანდემიური აღდგენის შემდეგ, მზარდია ღამის საათებში გადახდების წილი, რაც სადღეღამისო მაღაზიების საჭიროებაზე მიგვანიშნებს. 2022 წელს ყველაზე მეტი დანახარჯი 12:00-19:00 დღის მონაკვეთში ფიქსირდებოდა - ჯამური დანახარჯების 45%. 00:00-08:00 მონაკვეთში კი დანახარჯების 19% მოდიოდა, რაც 2021 წელს მხოლოდ 15% იყო“, - აღნიშნულია კვლევაში.
FMCG სექტორის მომხმარებლებში მზარდია ახალგაზრდების წილი, რაც ელ-კომერციის მზარდ პოტენციალზე მიანიშნებს. FMCG სექტორის მომხმარებლების ყველაზე აქტიურ სეგმენტს - 30-39 წლის მომხმარებლები შეადგენენ.
ევროპის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ელ-კომერციის წილის ზრდა არის მოსალოდნელი. საქართველოში ელ-კომერციის წილი FMCG სექტორის რეალიზაციებში, 2021 წელს 1.9% იყო, მაშინ როდესაც ესპანეთში - 2.9%, იტალიაში - 3%, პორტუგალიაში - 3.2%, ჩეხეთში - 3.6%, გერმანიაში - 4.2%, შვედეთში - 7.5%, ნიდერლანდებში - 8.1%, საფრანგეთში - 8.8%, ინგლისში კი -13% იყო.