თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

„ჰუალინგ ჯგუფმა“ შენობა პირობებიან აუქციონზე 2015 წელს 9.45 მლნ დოლარად იყიდა და აქამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება სახელმწიფოსგან რამდენჯერმე ითხოვა.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ობიექტი 14 სართულის ნაცვლად 16 სართულიანი იქნება, შესაბამისი დაშენება-მიშენების ნებართვაზე თანხმობა კომპანიამ გასულ წელს მიიღო.

„საპროექტო ობიექტი - ჰუალინგ თბილისის ბუტიკ სასტუმროს მოწყობა იგეგმება ქ. თბილისში ჭანტურიას ქ. N12-ში, არსებული შენობის რეკონსტრუქციის შედეგად. რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს მიშენება-დაშენებას. ამ ეტაპზე არსებული შენობა არის 14 სართულიანი, მიშენება დაშენების შედეგად იქნება 16 სართული. აქედან სამი არსებული სარდაფის სართული გაფართოვდება ჭანტურიას ქუჩის მხარეს და მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომები და დამხმარე ფართები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი 4363 კვ.მ.-ს შეადგენს, სამშენებლო მოცულობა კი 63 ათასს კვ.მ-ს აღემატება.

პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9.45 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და ამიტომ 21 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდებოდა. საბოლოოდ კი მხარეები გადავადებაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ.