13 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 283 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 145 ათასამდე ტონა რქაწითელი, 120 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,8 ათასი  ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 521 საწარმო იყო ჩართული.

რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და  დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.