გამოცემა Bloomberg-თან პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ პოლონეთმა საფრანგეთის ბირთვულ ფარზე წვდომის მოპოვება უნდა სცადოს. მანვე აღნიშნა, რომ ეს აშშ-ს ბირთვულ იარაღებზე წვდომასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
"მჯერა, რომ ორივე გამოსავლის მიღება შეგვიძლია. ეს ორი აზრი არც საპირისპირო და არც ურთიერთგამომრიცხავია". - თქვა დუდამ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, დუდა აქამდე წარუმატებლად მოუწოდებდა აშშ-ს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ბირთვული ქობინები პოლონეთში განეთავსებინა და ამ მხრივ ძალისხმევები ტრამპის ადმინისტრაციასთანაც აღადგინა.
გამოცემის თანახმად, დუდამ თავისი განმეორებითი მოწოდებები დაიცვა და თქვა, რომ "რუსეთის მხრიდან აგრესიული ქცევისთვის" პასუხის გაცემა NATO-ს როლია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული შეკავების გაფართოება რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაგზავნის პასუხი იქნება.
"როგორ გასცემს ამას NATO პასუხს? ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. [...] მოგიწოდებთ, რომ ბირთვული გაზიარება ჩვენს ტერიტორიაზეც განავრცოთ". - თქვა დუდამ.
10 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გავრცელებული პოსტის მიხედვით, ამჟამად პოლონეთი და საფრანგეთი ორმხრივ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელიც თავდაცვის, ბირთვული ენერგეტიკისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობას შეეხება.
მანამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ პოლონეთს ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება სურს და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ფრანგული ბირთვული შეკავების გაფართოებას სერიოზულად განიხილავდა.
მოგვიანებით, დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს.
დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა.
Financial Times წერდა, რომ დუდა იმ ბირთვული გაზიარების პროექტის გამოცოცხლებას ცდილობს, რომელიც მან 2022-ში ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუმატებლად წარუდგინა. ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ქვეყანაში საბჭოთა ბირთვული ქობინები ჰქონდა განლაგებული.
დუდას თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება აშშ-ს ბირთვული შეიარაღება განთავსებული და გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, როდესაც მან 2023-ში თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განალაგებდა.
ამასთანავე, დუდას აზრით, ტრამპი პოლონეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე აზრის შეცვლას არ აპირებს.
დუდას მოწოდებას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა და თქვა, რომ გაოცებული იქნება, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას.
წყარო: tabula.ge