აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების სრულად აღდგენა შესთავაზა,- ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და ომის დასრულების გზებზე ისაუბრეს.

საუბრისას ლიდერებმა ასევე განიხილეს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შედეგები.

კრემლის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების უმოკლეს ვადაში დასრულების სურვილი. თავის მხრივ, პუტინმა ამერიკის პრეზიდენტს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეფასებები და ინფორმაცია მიაწოდა.

ტრამპის შეთავაზება აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება და მისი განხორციელება უკრაინის ომის დროულ დასრულებაზეა დამოკიდებული.