გამოკითხვის თანახმად, შვეიცარიული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები სულ უფრო ხშირად აქცევენ ზურგს აშშ-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროკავშირის ბაზარზე იღებენ ორიენტაციას.

280 გამოკითხული მენეჯერის თითქმის ორმა მესამედმა განაცხადა, რომ მათი წარმოდგენა შეერთებული შტატების შესახებ გასული წლის განმავლობაში გაუარესდა. შვეიცარიელი მენეჯერების გამოკითხვის თანახმად, რომლის შედეგები კვირას, 6 ივლისს გამოქვეყნდა, ევროკავშირი დადებითად შეაფასა რესპონდენტთა 38-მა პროცენტმა, 18-მა პროცენტმა კი გაუარესება დააფიქსირა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია დადებითად ასევე 38-მა პროცენტმა შეაფასა, ხოლო უარყოფითი შეფასება 10-მა პროცენტმა მისცა.

განწყობების ცვლილების მთავარ მიზეზებად სახელდება აშშ-ს ახალი ტარიფები და ვაშინგტონის მზარდი პროტექციონიზმი სავაჭრო პოლიტიკაში. ამ ფაქტორების უარყოფით შედეგებს შვეიცარიული კომპანიები უკვე რეალურად გრძნობენ, რის გამოც გამოკითხულთა დაახლოებით 70% შიდა ეკონომიკაზე მათ გავლენას უარყოფითად აფასებს. შედეგად, ბევრი კომპანია ფოკუსირებულია დივერსიფიკაციაზე. გამოკითხულთა მეოთხედი აშშ-ს პროგრამულ უზრუნველყოფასა და სერვისებზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. ამასთან, 5-მა პროცენტმა ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგა.

აშშ-ს მიმართ მზარდი სკეპტიციზმის მიუხედავად, შვეიცარიელი მენეჯერები პროტექციონისტული კონტრზომების მიღებას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საპასუხო ტარიფების შემოღების წინააღმდეგია.

წარმომადგენლობითი გამოკითხვა ციურიხის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ZHAW), სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (SUPSI) და დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HE-Arc) მიერ ერთობლივად ჩატარდა. მაისში მათ გამოკითხეს შვეიცარიული კომპანიები იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან აშშ-ს ახალ საბაჟო პოლიტიკას და მის გავლენას შვეიცარიის ეკონომიკაზე.

წყარო: 1 არხი