რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს. ამის შესახებ კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე ვთხოვ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აშშ-ის კანონმდებლობით“, – განაცხადა გრეჰემმა.

მისი თქმით, კრემლის მმართველის 87-პროცენტიანი მხარდაჭერა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ნდობა შეუძლებელია.

„პრეზიდენტი პუტინი ამ არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურია. აშშ-ის კანონმდებლობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შემოღება მნიშვნელოვანს გახდის მეორეხარისხოვან სანქციებს კომპანიების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.“, – განაცხადა გრეჰემმა.

ამასთან, ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა უკრაინის, როგორც საუკეთესო საბრძოლო გამოცდილების მქონე ქვეყნის, ნატო-ში გაწევრიანებას.

„უკრაინა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ჩემი გზავნილი ნატო-სადმი ასეთია: მე პატივს გცემთ, მოკავშირეებო, მაგრამ არცერთმა თქვენგანმა არ იცის, როგორ იბრძოლოს უკრაინის მსგავსად ომში“, – განაცხადა გრეჰემმა.

მისივე თქმით,  უკრაინას ახლა აქვს საუკეთესო საბრძოლო გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია, გამოიყენოს უახლესი იარაღი ისეთ დონეზე, რომელიც აღემატება მოლოდინს.

„მე რომ ვირჩევდე ხალხს, ვისთან ერთადაც ომში წავალ, თქვენ იქნებოდით ამ დაწყევლილი სიის სათავეში! და ეს არ არის სილის გაწნა იმ ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ ვიყავით ერაყში ან ავღანეთში, თქვენ ახლა გაქვთ საუკეთესო საბრძოლო გამოცდილება და შეგიძლიათ, გამოიყენოთ უახლესი იარაღი, რომელიც მოგაწოდეს იმ დონეზე, რომელიც აღემატება ჩვენს მოლოდინს“, – აღნიშნა სენატორმა.