რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი რუსული ნავთობის ყოველგვარი სახით შესყიდვის აკრძალვაზე ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენს. ამის შესახებ მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
"ჩვენ წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ნავთობის ნებისმიერ შესყიდვას სრულად დაბლოკავს. მას "რონალდ რეიგანის მშვიდობა ძალის მეშვეობით აქტი" დაერქმევა. საკითხი პეტიციის ძალით, კომიტეტის გვერდის ავლით გავა კენჭისყრაზე და მას ხმების უდიდესი უმრავლესობით მიიღებენ". - წერს ფიცპატრიკი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას "სრულად საშინელი" და "პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი" უწოდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "თვალის ასახვევად იყენებს", სანამ რუსეთთან შეთანხმებაზე საუბრობს და მათთვის დიზელის ექსპორტირების ნების დართვით ომში ფულს დებს.
ამასთან, მაიამიში აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა.