რუსეთის უდიდესმა კერძო ავიაკომპანია S7 Airlines-მა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების მწვავე დეფიციტის გამო, ფრენების გაუქმება დაიწყო, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.
"რუსეთის უდიდესმა კერძო ავიაკომპანია S7 Airlines-მა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების მწვავე დეფიციტის გამო, ფრენების გაუქმება დაიწყო. ეს ინფორმაცია, კემეროვოს რეგიონის გუბერნატორმა, ილია სერედიუკმა დაადასტურა - წერს რუსული პრესა.სერედიუკის განმარტებით, S7-ის ფლოტის უმეტესი ნაწილი უცხოური ავიალაინერებისგან შედგება. საავიაციო სანქციების შემოღების შემდეგ, მათი შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ავიაკომპანიები იძულებულნი არიან „დაზოგონ რესურსები“ სათადარიგო ნაწილების მიწოდების მოლოდინში სანქციების გვერდის ავლით.S7-ის ფლოტი, 104 თვითმფრინავისგან შედგება, რომელთაგან 68 Airbus-ია. რუსული მედიის ცნობით, უკვე 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, გადამზიდავმა შეწყვიტა 31 A320/A321neo თვითმფრინავის გამოყენება, რომლებიც მხოლოდ სამიდან შვიდ წლამდე ასაკისაა. ეს შედარებით ახალი თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ამერიკული Pratt & Whitney (P&W) ძრავებით, S7-ის მთელი ფლოტის მესამედზე მეტს შეადგენდა.კიდევ რვა A321neo და ხუთი A320neo 2023 წლიდან უმოქმედოდ დგანან. ასევე ახალი ტიპის 18 თვითმფრინავი 2024 წლის იანვრიდან, სექტემბრამდე რეზერვში გადავიდა და ამჟამად დომოდედოვოსა და ტოლმაჩევოს საბაზო აეროპორტებში დგანან. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი S7 ფლოტის თითქმის მესამედი ფაქტობრივად გამოყვანილია ექსპლუატაციიდან.სათადარიგო ნაწილებთან, მომსახურებასთან და ფლოტის განახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მთელ რუსეთის სამოქალაქო ავიაციას ეხება. თვითმფრინავებისა და ძრავების საერთაშორისო მწარმოებლებმა, როგორიცაა Boeing, Airbus, General Electric, Pratt & Whitney, შეწყვიტეს რუსეთში მიწოდება და სერვისი.სათადარიგო ნაწილებზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაზე წვდომის არარსებობა, საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას და ამცირებს არსებული თვითმფრინავების ექსპლუატაციის ვადას.დაწესებული სანქციები სისტემატურად ახრჩობს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს და სამოქალაქო ავიაცია ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია," - წერს სურამელაშვილი სოცქსელში.