რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსეთმა საჰაერო იერიში საცხოვრებელ უბანზე მიიტანა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან სამი თვიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები.

ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დაზიანდა, სულ მცირე, 14 მაღალსართულიანი კორპუსი, დაზიანდა გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტი და საგანმანათლებლო დაწესებულება.

ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ხარკოვის მერმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებობს განმეორებითი დარტყმების რისკი.