ბრიტანული ფინტექ სტარტაპი Revolut მომდევნო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში 1 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ ეს გეგმები ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მონაწილეობით გამართულ საინვესტიციო სამიტზე „აირჩიე საფრანგეთი“ დააანონსა.
Revolut-ი პარიზში ახალ ოფისს გახსნის, რომელიც მისი დასავლეთ ევროპის ოპერაციების შტაბ-ბინად იქცევა, რაც, სავარაუდოდ, საფრანგეთში სულ მცირე 200 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
პარიზის შტაბ-ბინა საბოლოოდ ასევე იქნება პასუხისმგებელი ირლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ოპერაციებზე. კომპანიის თქმით, ეს შეავსებს Revolut-ის ლიეტუვაში არსებულ ბაზას, რომელიც გააგრძელებს სხვა ევროპული ბაზრების მომსახურებას.
Revolut ასევე მიმართავს საბანკო ლიცენზიის მისაღებად საფრანგეთში. ის გეგმავს ქვეყანაში თავისი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობის გაორმაგებას 10 მილიონამდე 2026 წლის ბოლოსთვის და ამ მაჩვენებლის 20 მილიონამდე გაზრდას 2030 წლისთვის.
Revolut 2015 წელს ლონდონში ნიკოლაი სტორონსკიმ (MIPT-ისა და NES-ის კურსდამთავრებული) და ვლადისლავ იაცენკომ დააარსეს. კომპანიის აპლიკაციას მსოფლიოს მასშტაბით 55 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.