აშშ-ს ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე უფრო მაღალი ტარიფები სურს. მსგავსი შეთანხმება მიღწეული იქნა დიდ ბრიტანეთთანაც: ლონდონი დათანხმდა ჩინურ ფოლადზე დამატებითი გადასახადების დაწესებას და ვაშინგტონმა მასთან გარიგება დადო, -  წერს WSJ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პირობად ევროკავშირიდან ჩინურ საქონელზე ტარიფების გაზრდას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაცია Wall Street Journal-მა (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის მტკიცებით, შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკავშირი შეუერთდეს ამერიკულ კამპანიას, რომლის მიზანია ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა. ვაშინგტონი ევროპის ქვეყნებს ჩინურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესებას სთხოვს.

მსგავსი შეთანხმება, როგორც WSJ აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთთანაც მიღწეული იქნა: ლონდონი დათანხმდა ჩინურ ფოლადზე დამატებითი გადასახადების დაწესებას, ვაშინგტონმა კი მასთან სავაჭრო გარიგება დადო.

თუმცა, ჩინეთი ევროპული ექსპორტის მნიშვნელოვანი ბაზარია და ბრიუსელს პეკინთან სავაჭრო ომი არ აინტერესებს, - წერს გაზეთი.

წყაროების ცნობით, თეთრი სახლი გაღიზიანებულია, რომ ევროკავშირის სავაჭრო პრიორიტეტებმა მოლაპარაკებები შეანელა. იქ ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რასაც ამერიკის ხელისუფლება ევროპის ფრთხილ მიდგომად მიიჩნევს მოლაპარაკებებისადმი. საუბარია სტრიმინგის სერვისების საფასურზე, დამატებული ღირებულების გადასახადსა და ამერიკული კომპანიებისთვის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები „არსად მიდის“ და დაემუქრა, რომ 1 ივნისიდან ევროპულ იმპორტზე 50%-იან ტარიფებს დააწესებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს. როგორც POLITICO წერს, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ევროკავშირის სავაჭრო მომლაპარაკებლებს შორის მნიშვნელოვან სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

„მათთან [ევროკავშირთან] ჩვენი მოლაპარაკებები არსად მიდის! ამიტომ, გირჩევთ, ევროკავშირისთვის 2025 წლის 1 ივნისიდან პირდაპირი 50%-იანი ტარიფი შემოიღოთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.

23 მაისს, ევროკავშირის სავაჭრო კომისარ მაროშ შეფკოვიჩსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს შორის დაგეგმილია სატელეფონო საუბარი. მოლაპარაკებების მიზანი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის თავიდან აცილებაა.

POLITICO-ს ცნობით, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიუსელმა აშშ-ის ადმინისტრაციას უპასუხა იმ დათმობების ახალი, შესწორებული სიით, რომლის შესათავაზებლადაც მზად იყო.

თუმცა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, სავარაუდოდ, უარყოფდა ევროკავშირის წინადადებებს და მოითხოვდა ცალმხრივ დათმობებს ტარიფების ორმხრივი შემცირების ნაცვლად.

ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ მსხვილი ტექნოლოგიების რეგულაციებისა და წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადების გამო, რომლებსაც ის არასატარიფო ბარიერებად მიიჩნევს, რომლებიც ამერიკული ბიზნესის დისკრიმინაციას ახდენს.

შეგახსენებთ, შემდეგ ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ჯემისონ გრირს და ვაჭრობის მდივანს ჰოვარდ ლუტნიკს. საუბრის შემდეგ, შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მზადაა დაიცვას თავისი ინტერესები. ვაჭრობა „ურთიერთპატივისცემით უნდა წარიმართოს და არა მუქარით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ბრიუსელის მტკიცებით, ჩინეთი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში მთავარი დაბრკოლება არ იყო.

მოგვიანებით, აშშ-ის ლიდერმა გამოაცხადა, რომ ის უარს ამბობდა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის გეგმებზე. როდესაც ჰკითხეს, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ბლოკის ქვეყნებმა, რათა ვაშინგტონმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა უპასუხა: „არ ვიცი“.