ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს, აქციების ხანგრძლივი ვარდნის შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.4 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. შედეგად, Nvidia-მ აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მესამე ადგილი დაკარგა და რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Reuters-ის ინფორმაციით, 20 ნოემბერს კომპანიის აქციები დაახლოებით 3%-ით იყო გაუფასურებული. ამასთან, Nvidia ზედიზედ მეშვიდე კვირის განმავლობაში აქციების ფასის კლებას აფიქსირებდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი უარყოფითი პერიოდია.
საბაზრო კაპიტალიზაციით Nvidia-ს Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა, გადაასწრო, რომლის ღირებულებაც 3.44 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. რეიტინგში პირველ ადგილზე Apple იყო 5.08 ტრილიონი დოლარით, მეორე პოზიციას კი Microsoft იკავებდა, რომლის საბაზრო ღირებულება 3.72 ტრილიონ დოლარს აღწევდა.
აქციების გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ინვესტორების მზარდი შეშფოთება სახელდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მდგრადობასთან დაკავშირებით. Nvidia-ს ბოლო ფინანსურმა ანგარიშმაც ვერ გააქარწყლა ბაზრის მონაწილეთა ეჭვები AI-ბუმის გაგრძელებისა და სექტორში დანახარჯების გრძელვადიანი მომგებიანობის შესახებ.