ამერიკული Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ მესამედ და მთლიანობაში მეხუთედ გახდა მსოფლიოს წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. 40 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ თამაშობს, გასულ 12 თვეში 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (გადასახადებისა და აგენტის ჰონორარის გარეშე), რაც მოქმედი სპორტსმენისთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ მონაცემით რონალდუ მხოლოდ ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩება, რომელმაც 2015 წელს 300 მილიონი დოლარი, ხოლო 2018-ში 285 მილიონი გამოიმუშავა. რონალდუს წლევანდელი ანაზღაურება 119 მილიონი დოლარით აღემატება მეორე ადგილზე მყოფ სტეფ კარის მიერ გამომუშავებულ თანხას, რომელიც 156 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კარის შედეგიც რეკორდულია NBA-ის ისტორიაში და მან ლებრონ ჯეიმსის შარშანდელი მაჩვენებელი (128.2 მილიონი დოლარი) გააუმჯობესა.
წლევანდელ ათეულში კიდევ არაერთი რეკორდული შემოსავალი დაფიქსირდა. ლებრონ ჯეიმსმა 133.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და პირადი რეკორდი დაამყარა. დაკ პრესკოტმა — 137 მილიონით, ხოლო ხუან სოტომ 114 მილიონით NFL-ისა და MLB-ის რეკორდები დაამყარეს.
ათეულში შესულმა სპორტსმენებმა ჯამში 1.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც შარშანდელ მონაცემს (1.38 მილიარდი) ოდნავ აღემატება და ამავე დროს, 1990 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს მხოლოდ მეორე წელია, როცა ტოპ-10-ში მყოფმა ყველა სპორტსმენმა მინიმუმ 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ სტეფ კარიმ და შოჰეი ოტანიმ გასულ 12 თვეში მხოლოდ მოედნის გარეთ — რეკლამებით, ლიცენზიებითა და სხვადასხვა გარიგებით 100-100 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მსგავსი მიღწევა აქამდე მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა: კონორ მაკგრეგორს, ტაიგერ ვუდსსა და როჯერ ფედერერს.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, რონალდუს შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი „ალ-ნასრთან“ დადებული კონტრაქტიდან მოდის. ის საუდის არაბეთის პრო ლიგაში ორ-ნახევარი სეზონია, თამაშობს და ამით მოედანზე ყოველწლიურად დაახლოებით 225 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. რონალდუმ Forbes-ის რეიტინგში ლიდერობა პირველად 2016 წელს მოიპოვა. მაშინ მან 88 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დღეს კი ეს თანხა რეიტინგში მხოლოდ მე-14 ადგილს მიანიჭებდა.