ოდესმე დაფიქრებულხართ, დედამიწის რა ნაწილში იყო თქვენი ეზო უძველეს სუპერკონტინენტ პანგეაზე? ახლა ამის პოვნა თავად შეგიძლიათ.
დედამიწის მეცნიერთა ჯგუფმა ახლახან განაახლა Paleolatitude.org — ხელსაწყო, რომელიც გვიჩვენებს დედამიწის ნებისმიერი მოცემული ადგილის განედების ცვლილებას კონტინენტების მოძრაობის 320-წლიანი ისტორიის განმავლობაში.
ეს კი შესაძლოა არსებული გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მონაცემების სრულიად ახალ პერსპექტივაში განხილვაში დაგვეხმაროს — ნამარხებს შეგვიძლია მივყვეთ არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიც.
მაგალითად, კარიერი ნიდერლანდების ვინტერსვიკის მახლობლად, შეიცავს 245 მილიონი წლის წინანდელი მცენარეებისა და ცხოველების ნამარხებს.
ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები ცოცხლობდა კლიმატში, რომელიც უფრო თანამედროვე სპარსეთის ყურის რეგიონისას ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისას.
ამის მიზეზი უბრალოს ის არაა, რომ დედამიწა მაშინ უფრო თბილი იყო.
უტრეხტის პალეოგეოგრაფიული მოდელი, რომელსაც ახალი ხელსაწყო ეფუძნება — ადასტურებს, რომ 245 მილიონი წლის წინ, ვინტერსვიკის ნამარხები მდებარეობდა დღევანდელი არაბეთის მსგავს გაედზე, როგორც ამას ქვემოთ ვიდეოში ხედავთ (ნიდერლანდები მონიშნულია ვარდისფრად).
განახლებამ ხელსაწყოს შემატა ახალი დეტალი და მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი ფუნქციები — Paleolatitude.org კალკულატორი. ეს პორტალი პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაეშვა.
„ახალი მოდელით მივიღეთ გაცილებით დიდი დამაჯერებლობა; ამავე დროს, ბიომრავალფეროვნების ჩვენეული გაგება ერთგანზომილებიანიდან (რომელიც მხოლოდ დროს ასახავს) გადადის სამგანზომილებიანში, რომელიც ასევე მოიცავს სივრცესაც. ეს კი საშუალებას გვაძლევს, გამოვიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნები აწმყოში ბიომრავალფეროვნების მდგრადობის შესახებ“, — ამბობს თანაავტორი, უტრეხტის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ემილია იაროჩოვსკა.
ახალი ხელსაწყო მოიცავს 320-წლიან გლობალურ პალეონტოლოგიურ მოდელს, მათ შორის გეოგრაფიულ მახასიათებლებს, რომლებიც ახლა „ერთმანეთზე გადაჭიმულია ოროგენულ (მთის) სარტყლებში“.
ის ასევე აახლებს პალეომაგნიტურ მოდელებს ახალი მონაცემებით, რადგან დროთა განმავლობაში, მხოლოდ კონტინენტები კი არ გადაადგილდება, არამედ პოლუსებიც.
ახალი პლატფორმა მომხმარებლებს მონაცემებისა და გრაფიკების ექსპორტის საშუალებას აძლევს, ასევე შეუძლიათ საკუთარი მონაცემებიც კი ატვირთონ პალეოგანედის მასობრივი გამოთვლისთვის (ეს ალბათ მხოლოდ მეცნიერებს გამოადგებათ).
იმის საჩვენებლად, თუ რა შესაძლებლობები აქვს ახალ ინსტრუმენტს, მკვლევრებმა გამოთვალეს გვიანი იურული პერიოდის ბიომრავალფეროვნების გრადიენტი იმ ხმელეთის ისტორიული განედების საფუძველზე, რომლებიც მას შემდეგ გადაადგილდნენ.
ზედა იურული პერიოდის დაახლოებით 34 000 ზღვის ნამარხის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ჯგუფმა შეძლო იმ ადგილებში დროის უკან „გადახვევა“, სადაც ეს ნამარხები იპოვეს — იმ განედამდე, რომელზეც ისინი სიკვდილის დროს უნდა ყოფილიყო დალექილი.
მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ არა მხოლოდ ის, თუ რომელ განედებს ჰქონდა ყველაზე მაღალი მრავალფეროვნება გვარის დონეზე, არამედ ასევე შეძლეს მონაცემებში სტატისტიკური კორექტირების გამოყენება, მათ შორის გაურკვევლობისა და ზეწოლის — რათა მიეღოთ სამეცნიერო თვალსაზრისით უფრო დასაბუთებული შედეგი.
„ეს საშუალებას გვაძლევს, თუნდაც ვაჩვენოთ, რა დაემართა გლობალურ ბიომრავალფეროვნებას წარსულის მასობრივ გადაშენებებამდე და მას შემდეგ, მაგალითად, სწრაფი დათბობის ან აციების გამო. პირველი რომელი განედი გახდა სიცოცხლისთვის არახელსაყრელი და რომელი იქცა თავშესაფრად? რომელი სახეობები მიგრირდნენ, რომლები შეეგუვნენ და რომლები გადაშენდნენ?“, — ამბობს იაროჩოვსკა.
ჯგუფი გეგმავს, რომ მოდელი კიდევ უფრო გააფართოოს დედამიწის ისტორიაში, რათა მოიცვას კემბრიული აფეთქებაც, რომელიც 550 მილიონი წლის წინ მოხდა.
თუმცა, ამ დროისათვის, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რა განედზე მდებარეობდა თქვენი ეზო (ან ნებისმიერი სხვა ადგილი შორეულ წარსულში და რა გზა გაიარა დღემდე. ამისათვის საჭიროა, გახსნათ ეს ბმული და მონიშნოთ კონკრეტული ადგილი.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uu.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.