Meta კანადაში $13 მილიარდის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრს ააშენებს
ტექნოლოგიური გიგანტი Meta კანადაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 13 მილიარდ კანადურ დოლარს შეადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, ობიექტის საწყისი სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება, თუმცა მომავალში მისი 1.8 გიგავატამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი. ეს Meta-სთვის კანადაში პირველი მსგავსი მასშტაბის მონაცემთა ცენტრია.
კომპანიის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების გაფართოებას უფრო მეტი გამოთვლითი რესურსი, ძლიერი სერვერები და მონაცემთა ცენტრები სჭირდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 9.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ახალი ობიექტი Meta-ს გლობალურ ქსელში რიგით 33-ე მონაცემთა ცენტრი იქნება. პროექტი ალბერტას პროვინციაში განხორციელდება, სადაც ხელისუფლება მას ტექნოლოგიური სექტორისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციად აფასებს.
ალბერტას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იქნება რეგიონში პირველი ასეთი მასშტაბის პროექტი, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.