ადამიანების გამოჩენამდე, სეიშელის კუნძულების არქიპელაგი ცხოველთა ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენდა.
აღმოჩენების ეპოქამდე არსებული კუნძულების შედარებით მშვიდობიანი ისტორია შემონახულია ალდაბრის გიგანტური კუების (Aldabrachelys gigantea) დნმ-ში.
მათი ჩასკვნილი, ჯავშნიანი ბაკანი საკმარის დაცვას უზრუნველყოფს ნებისმიერი გასაჭირისგან, რასაც შეიძლება ამ იზოლირებულ კუნძულებზე გადააწყდნენ, თუმცა მათ ძალიან ცოტა ბუნებრივ მტაცებელთან უწევდათ გამკლავება.
საკმარისი საკვები და ცოტა მტერი მათ ძალიან დიდხანს სიცოცხლის საშუალებას აძლევდა, თანაც ისე, რომ ცხოვრებაში არც დიდი სიჩქარე სჭირდებათ და არც აგრესია.
შემდეგ, მე-15 საუკუნეში იქ ევროპელი მკვლევრები გამოჩნდნენ. მათ მიჰყვნენ მეზღვაურები, თანდათან მეკობრეებიც.
უკიდეგანო ზღვებში გადაადგილებისას, მათთვის ეს გიგანტური, ნელა მოძრავი კუებით სავსე კუნძული საკვების ადვილად მოპოვების ადგილი იყო.
მეზღვაურებით სავსე ყოველი ახალი ნავი ალდაბრის გიგანტური კუების პოპულაციის შემცირებას ნიშნავდა. მე-19 საუკუნისთვის ატოლ ალდაბრაზე ათასზე ნაკლები კუ შემორჩა.
თუმცა, კუნძულის დღევანდელ პოპულაციას რომ შეხედოთ, ამას ვერც კი იფიქრებდით.
ალდაბრას ატოლის ახალმა დათვალიერებამ ცხადყო, რომ ათწლეულებით დაცვის შემდეგ, სახეობამ რეკორდულად მაღალ რიცხვებს მიაღწია — პირველად ამ საუკუნეში, გადააჭარბა სეიშელის მოსახლეობას.
კუნძულის მასშტაბის პოპულაციის კვლევის შედეგები ჟურნალ Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
„ის, რომ დღეს ატოლზე 180 000-ზე მეტი კუ ბინადრობს, დასტურია იმისა, რა შეუძლია კონსერვაციისადმი გრძელვადიან ერთგულებას. ეს საოცარი ამბავია სეიშელისთვის, მთელი მსოფლიოსთვის და ყველასთვის, ვინც ალდაბრას დაცვაზე მუშაობდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, სეიშელის კუნძულების ფონდის ხელმძღვანელი, კონსერვაციული ბიოლოგი ფრაუკე ფლაიშერ-დოგლი.
ეს პირველი შემთხვევაა 1990-იანი წლების შემდეგ, როცა პოპულაციის რაოდენობა საფუძვლიანად შეისწავლეს. 1981 წელს ალდაბრა ბუნების მკაცრი ნაკრძალი გახდა კუების აღდგენის მიზნით; 1982 წელს ის იუნესკოს ძეგლთა სიაში შეიტანეს.
„ალდაბრას გიგანტური კუების მონიტორინგის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია ამ რეგიონში, მაგრამ ატოლის გაუვალი მცენარეულობა კუების დათვლას ძალიან ართულებს. იმის მოდელირებით, რასაც ვერ ვხედავთ, ასევე იმით, რაც შევძელით, ჩვენ დავდეთ სეიშელის კუნძულების ამ საკულტო სახეობის დღეისათვის ყველაზე სანდო საწყის მონაცემთა ბაზა და დავადგინეთ ისეთი საორიენტაციო მაჩვენებელი, რომლის გამოყენებითაც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში პოპულაციის მდგომარეობის მონიტორინგს შევძლებთ“, — ამბობს ბიოლოგი ნენსი ბანბერი.
ალბათ არც არის გასაკვირი, რომ დააფიქსირეს კუების თავშეყრა ატოლის იმ მონაკვეთზე, რომელსაც „კუების საძოვარს“ უწოდებენ — ღია მდელოები, რომლებიც სწორედ ამ ქვეწარმავლების მიერ ბალახის მუდმივი ძოვის შედეგად ინარჩუნებს თავის სახეს.
კუებს დღეს შეიძლება საფრთხე აღარ ემუქრებათ მშიერი მეზღვაურებისგან, მაგრამ მაინც რჩება სხვა საფრთხეები.
კლიმატის ცვლილების უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ატოლი მოწყვლადია ზღვის დონის მატებისა და გვალვისადმი.
ამავე დროს, კუნძულზე უხვადაა უპატრონო კატები და შავი ვირთხები, რომლებიც კუს კვერცხებზე და ახლად გამოჩეკილ ნაშიერებზე ნადირობენ.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რიცხვები საწყის წერტილს წარმოადგენს და არა საბოლოო წერტილს. ვიმედოვნებთ, რომ ბუნების დაცვის სფეროს მენეჯერებს მივაწოდეთ საჭირო მონაცემები, რათა შეძლონ მომავალი ცვლილებების მონიტორინგი და დროული რეაგირება, ვინაიდან კუებს სულ უფრო მეტად ემუქრება კლიმატის ცვლილება, გვალვა და ინვაზიური სახეობები“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეკოლოგი დეივ ჰადსონი.
კვლევა Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.