მარსზე გადაღებულმა NASA-ს ფოტომ სოციალურ ქსელში ახალი სპეკულაციები გამოიწვია. 2023 წლის 20 აგვისტოს "Curiosity“-ს მიერ გადაღებულ ერთ-ერთ კადრში უცნაური, მედუზას მსგავსი ფიგურა ჩანს.
ფოტოზე პატარა, მუქი ფიგურა კლდოვანი და მტვრიანი ლანდშაფტის ფონზე, კადრის მარცხენა ნაწილში ჩანს. მას თითქოს ორი პატარა "ფეხი“ აქვს, თუმცა ამ ობიექტის ბუნება ამ ეტაპზე უცნობია.
ფოტომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ზოგი მას "მარსელ სერფერს“ ან უცნობ საფრენ აპარატს ადარებდა, სხვები კი ვარაუდობდნენ, რომ ეს შესაძლოა კამერის ტექნიკური ხარვეზი ან გამოსახულების დეფექტი იყოს.
- მარსის დამოუკიდებელმა მკვლევარმა ჯინ უორდმაც გააზიარა ფოტო და მას "მედუზას ფორმის უცხოპლანეტელი/უპილოტო საფრენი აპარატი“ უწოდა. მისი თქმით, ობიექტი შესაძლოა ზედაპირთან ურთიერთქმედებდეს, თუმცა ეს ვარაუდია და ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
-
საინტერესოა ისიც, რომ იმავე მონაკვეთის სხვა ფოტოებში ფიგურა არ ჩანს. ამის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, ნამდვილად მოძრაობდა თუ არა ობიექტი.
NASA-ს "Curiosity“ მარსს 2012 წლიდან იკვლევს. როვერის მთავარი ამოცანაა დაადგინოს, არსებობდა თუ არა წარსულში მარსზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო. მისიის ფარგლებში მოწყობილობამ უკვე აღმოაჩინა მინერალებისა და ქიმიური ნაერთების მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები არსებობდა.
მარსზე შესაძლო უძველესი სიცოცხლის შესახებ ახალი მტკიცებულებები NASA-ს "Perseverance“-მაც მოიპოვა. 2025 წელს სააგენტომ განაცხადა, რომ როვერის მიერ შეგროვებულ ერთ-ერთ ნიმუშში უძველესი მიკრობული სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ნიმუში მარსის უძველესი მდინარის კალაპოტში იქნა აღებული და მისი წარმოშობა დაახლოებით 3.7 მილიარდი წლით თარიღდება.