CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის „შეუზღუდავად დაუჭიროს მხარი“ რუსეთის მოქმედებებს უკრაინის ომში. ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

კიმი ლავროვს შეხვდა აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვონსანში, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელება გასულ წელს ხელმოწერილი პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ურთიერთდაცვის ვალდებულებას.

„კიმ ჩენ ინმა დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის მზადყოფნა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი და წაახალისოს ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა დგამს უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების მოსაგვარებლად,“ – ნათქვამია კორეის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

გამოცემის შეფასებით, ლავროვის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსულ-ჩრდილოკორეულ ურთიერთობათა ამჟამინდელი ეტაპისთვის. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანი გეგმავს, უკრაინაში რუსეთის მხრიდან შეტევის მხარდასაჭერად დამატებით 25 000-დან 30 000-მდე სამხედრო გაგზავნოს.

სტატიის ავტორების თქმით, „ამ ვიზიტმა შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ალიანსი, რომელსაც არამხოლოდ ომის მიმდინარეობის, არამედ აზიაში უსაფრთხოების სტრატეგიული ბალანსის შეცვლა შეუძლია.“

გარდა ამისა, რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი იარაღის მოწოდებაზე მკაფიოდ ჩანს. კორეული არტილერიისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო მასალები უკვე რუსულად ითარგმნა, რაც მიანიშნებს როგორც ამ იარაღის ფართო გამოყენებაზე, ასევე ორ არმიას შორის ოპერატიული თავსებადობის ზრდაზე.

CNN-ის მიერ მოპოვებულ თანამგზავრის სურათებზე კი  სატვირთო თვითმფრინავები და სატრანსპორტო გემები ჩანს, რომლებიც რეგულარულად მოძრაობენ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის, რაც ორ ქვეყანას შორის მასშტაბური სამხედრო ლოჯისტიკის არსებობას მოწმობს.

tvpirveli.ge