ისრაელის ავიადარტყმების სამიზნე ისპაანის პროვინციაში მდებარე ბირთვული კვლევითი კომპლექსი იყო.
პროვინციის გუბერნატორის მოადგილე აქბარ სალეჰი აცხადებს, რომ საშიში მასალების გაჟონვა არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მედიასაშუალების ცნობით, ავიაიერიშები ასევე განხორციელდა ისპაჰანის სხვა რაიონებზე.
გუბერნატორის ოფისში აღნიშნავენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აფეთქებების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ისპაანის ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრზე დარტყმა კონფლიქტის პირველ დღეებში განახორციელა. მოგვიანებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ დაზიანდა ობიექტის ოთხი შენობა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის ქალაქ ყუმზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ პალესტინური დანაყოფის უფროსი საიდ იზადია მოკლული.
კაცის თქმით, იზადი აფინანსებდა და აიარაღებდა პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ 7 ოქტომბრის თავდასხმის წინ.
„უზარმაზარი მიღწევა ისრაელის დაზვერვისთვის და ისრაელის საჰაერო ძალებისთვის. ეს არის სამართალი მოკლულთათვის და მძევლებისთვის. ისრაელის გრძელი ხელი ყველა თავის მტერს მიწვდება“, -აღნიშნა ისრაელ კაცმა.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ყუმში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი. იერიში შენობის მეოთხე სართულზე მიიტანეს. ყუმის პროვინციის ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმის შედეგად გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 16 წლის იყო.
ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ახალი ფაზის ფარგლებში, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ოპერაციის მეთვრამეტე ტალღა ღამით, 03:00 საათზე დაიწყო, რომლის ფარგლებში სარაკეტო იერიში განხორციელდა თელ ავივის წინააღმდეგ.
ირანული მედიის თანახმად, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ჰაიფას მახლობლად. ირანში აცხადებენ, რომ შეტევის სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და ოპერაციული მხარდაჭერის ცენტრები.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებიც გაუშვა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს.