არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება და ამის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება ჰაერის დაბინძურება იყოს.

ახალი გენომური კვლევის თანახმად, სმოგი და ჭვარტლი ძლიერ არის დაკავშირებული ფილტვის კიბოსთან დაკავშირებულ დნმ-ის მუტაციებთან — მათ შორის, მწეველებში უკვე ცნობილ გამომწვევებთან და არამწეველებისთვის უნიკალურ ახლებთან.

ჰაერის რაც უფრო მეტი დაბინძურების ქვეშ იმყოფებოდა ადამიანი, მით მეტი მუტაცია აღმოაჩინეს მეცნიერებმა მათი ფილტვის სიმსივნეებში.

აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ ფილტვის კიბოს იწვევს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ხელს უწყობს ამ შესაძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებს.

„ვხედავთ პრობლემატურ ტენდენციას, რომ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, სულ უფრო ხშირად ემართებათ ფილტვის კიბო, მაგრამ ვერ ვიგებთ, რატომ. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება ძლიერ არის დაკავშირებული დნმ-ის იმავე ტიპის მუტაციებთან, რომლებსაც როგორც წესი, მოწევას ვუკავშირებთ“, — ამბობს კალიფორნიის სან-დეიგოს უნივერსიტეტის ბიომოლეკულური მეცნიერი ლუდმილ ალექსანდროვი.

ფართო საერთაშორისო ანალიზებში შეისწავლეს ოთხი კონტინენტის წარმომადგენელი 871 ინდივიდის კიბოს გენომები; მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილან მწეველები, ყველა მათგანს ჰქონდა ფილტვის კიბო და ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული მკურნალობა.

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონებში მცხოვრებლებს გაცილებით მეტად ჰქონდათ TP53 მუტაციები, EGFR მუტაციები და უფრო მოკლე ტელომერები.

პათოლოგიური TP53 და EGFR გენების არსებობა ფილტვის კიბოს საფირმო ნიშანია, განსაკუთრებით კი დნმ-ის SBS4 მუტაციით გამოწვეულის; მოკლე ტელომერები კი დაკავშირებულია დაბერების დაჩქარებასთან.

ახალ კვლევაში, არამწეველებს, რომლებიც ძლიერ დაბინძურებული ჰაერის მქონე რეგიონებში ცხოვრობდნენ, თითქმის ოთხჯერ მაღალი ჰქონდათ SBS4 ხელწერების შანსი, ვიდრე სუფთა ჰაერიან რეგიონებში მცხოვრებლებს.

შედარებისათვის — აღმოჩნდა, რომ პასიური მწეველობა, რაც კიბოს ცნობილი რისკია, მხოლოდ ოდნავ ზრდის გენეტიკურ მუტაციებს.

„თუკი პასიურ მოწევას მუტაგენური ეფექტი ახლავს, ის შეიძლება იმდენად სუსტი იყოს, რომ ჩვენმა ამჟამინდელმა ხელსაწყოებმა ვერ დააფიქსიროს“, — ამბობს აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის გენეტიკოსი ტონგვი ჟანგი.

ასე არაა ჰაერის დაბინძურების ან თამბაქოს მოწევის შემთხვევაში — ორივე მათგანი ძლიერ იყო დაკავშირებული დნმ-ის მუტაციებთან.

დღეისათვის, აშშ-ში, ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები ან ცხოვრებაში 100 ღერზე ნაკლები სიგარეტი აქვთ მოწეული, შეადგენენ ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 10-20 პროცენტს.

მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ამაში წვლილის შემტანი ფაქტორი შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურება, მაგრამ უცნობია, როგორ შეიძლება ედრებოდეს ჰაერში არსებული წვრილი ნაწილაკები თამბაქოს მოწევას ან პასიურ მწეველობას.

ვრცლად პირველ არხზე