„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო [Lukoil-თან მიმართებით] სანქციების რისკების შესამცირებლად",- ამის შესახებ Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოზე Fitch-ის უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს ასრულებს, განსაკუთრებით საბანკო სექტორის მეშვეობით, და Fitch-ის ინფორმაციით, სანქციების რისკების შესამცირებლად, ქვეყნის საწვავის განაწილების ქსელში Lukoil-ის საკუთრების გაუქმება მიმდინარეობს.
კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს Lukoil-ის საკითხს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე და რატომ ჩათვალა სარეიტინგო სააგენტომ ამ თემის მონიტორინგი იმდენად მნიშვნელოვან თემად, რომ ანგარიშშიც მოხვედრილიყო, არვინდ რამაკრიშნანი ასე პასუხობს: "საქართველოსთვის ისევე, როგორც რეგიონის თუ სხვა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სანქციების დაცვა, რადგან პირველ რიგში, სანქციები შეიძლება შეეხოს საბანკო სექტორს და მეორე – სანქციებმა შეიძლება შეამციროს ამ ქვეყნებში კაპიტალის შემოდინება; შეიძლება სანქციებმა გავლენა იქონიოს აქტივებზე, რაც ქვეყანას აქვს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით დასავლეთში. საქართველოს შემთხვევაში – იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, სანქცირების რისკის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია – იმის მიუხედავად, რომ ცალკე აღებულ ამ ფაქტორს შეიძლება მკაფიო პირდაპირი კავშირი არც ჰქონდეს სუვერენულ რეიტინგთან. საერთაშორისო სანქციები ახლა ენერგეტიკულ რუსულ კომპანიებსაც მოიცავს და რადგან Lukoil-ს საქართველოში საწვავის დისტრიბუციის ქსელი აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო სანქციების რისკების შესამცირებლად. 2022 წელს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რასაც ვაკვირდებით, საქართველოს ბანკები და ეროვნული ბანკი საკმაოდ მკაცრად იცავენ დასავლურ სანქციებს რუსულ სუბიექტებთან მიმართებით".
მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან, როგორია მათი სტრატეგია Lukoil-ის მიმართ.
"ვიცით, რომ მთავრობა ამ საკითხს სწავლობს და ცდილობს რისკების შემცირებას, მაგრამ დეტალები, სამწუხაროდ, არ გვაქვს",- ამბობს არვინდ რამაკრიშნანი.
22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც ავტომატურად შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანიას „ლუკოილ-ჯორჯიას“.
სანქციების გამოცხადების დროს, აშშ-ის ხაზინამ დოკუმენტს დაურთო სპეციალური დანართი, სადაც განისაზღვრა, რომ 2025 წლის 21 ნოემბრამდე შეზღუდვები არ გავრცელდებოდა რუსეთს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.
თუმცა მოგვიანებით, OFAC-მა (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი) ვადის გახანგრძლივება განაცხადა. განახლებული გადაწყვეტილებით, სანქციები „ლუკოილის“ მიმართ 2025 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც კომპანიებს სამკვირიან დამატებით ვადად ტოვებს ოპერაციების მოსახდენად.