გამოცემა Reuters წერს, რომ ირანს აშშ-სთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში წითელი ხაზები აქვს, რომელსაც არ გადაკვეთს. კერძოდ, გამოცემის თანახმად, ირანი არ აპირებს, რომ ცენტრიფუგების დაშლას, ურანის გამდიდრების სრულ შეწყვეტას, რაკეტების პროგრამაზე მოლაპარაკებებსა და 2015 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეზე ქვემოთ გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირებას დათანხმდეს.

Reuters-ის თანახმად, ირანს მიაჩნია, რომ რაკეტების პროგრამა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ფარგლებს სცდება.

ამის შესახებ Reuters ანონიმურ ირანელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს,  რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ მოცემული წითელი ხაზების შესახებ ბრძანება ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გასცა.

"ომანში ირიბი საუბრების შემდეგ ირანმა დაასკვნა, რომ ვაშინგტონს არ სურს, ირანმა ყველა ბირთვული აქტივობა შეწყვიტოს. ეს შესაძლოა ირანსა და აშშ-ს შორის სამართლიანი მოლაპარაკების დაწყებისთვის საერთო ნიადაგი აღმოჩნდეს". - თქვა თანამდებობის პირმა Reuters-თან საუბრისას.

როგორც თანამდებობის პირმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, გასულ კვირას ირანმა ამერიკულ მხარეს უთხრა, რომ მზად არის, ურანის გამდიდრებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, თუმცა მყარი გარანტიები სჭირდება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბირთვულ შეთანხმებას არ უგულებელყოფს.

Reuters-ის წყარომ თქვა, რომ თეირანი მზად არის, გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან ითანამშრომლოს, რომელსაც მისი ბირთვული სამუშაოების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად "ამ პროცესში ერთადერთ მისაღებ ორგანოდ" მიიჩნევს.

დღეს, 18 აპრილს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუკი ისინი "არარეალისტურ მოთხოვნებს არ წარადგენენ".

"თუ ისინი განზრახვის სერიოზულად გამოხატავენ და არარეალისტურ მოთხოვნებს არ წარმოადგენენ, შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია". - თქვა არაღჩიმ.

15 აპრილს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ ირანმა "უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ბირთვული გამდიდრება", რათა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწიოს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართება.

შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული.

წყარო: tabula.ge