Financial Time წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მათ მკაფიოდ განმარტონ, რა როლს ითამაშებენ თუ ტაივანის გამო აშშ და ჩინეთი ომს დაიწყებენ. ეს ძალისხმევა, რომელიც აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ორი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის გაღიზიანებას იწვევს, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
გამოცემას 5 დამოუკიდებელი წყარო უყვება, რომ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელბრიჯ კოლბი ბოლო თვეებში იაპონიისა და ავსტრალიის თავდაცვის სფეროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ამ საკითხს აქტიურად აყენებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი კოლბის მიერ განხორციელებული უახლესი მცდელობაა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს მოკავშირეები დაარწმუნოს, გააძლიერონ შეკავების მექანიზმები და ტაივანის გარშემო შესაძლო ომისთვის მოემზადონ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა კომენტარისგან თავი შეიკავა ტაივანთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, თუმცა აღნიშნა, რომ კოლბის განხილვების "მთავარი თემა" შეკავების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის "სამართლიანი და დაბალანსებული გზით გაძლიერება და დაჩქარებაა“.
ასევე, ეს მოლაპარაკებები ჩინეთის მხრიდან ტაივანისადმი მზარდი საფრთხის ფონზე, მოკავშირეების თავდაცვითი ხარჯების გაზრდაში დარწმუნებას მოიცავს. თუმცა ტაივანის გარშემო ომთან დაკავშირებული ვალდებულებების მოთხოვნა აშშ-ს მხრიდან სრულიად ახალი ინიციატივაა.
"იაპონიასა და ავსტრალიასთან მიმდინარეობს კონკრეტული ოპერატიული დაგეგმვა და სწავლებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ტაივანის კრიზისის სცენარს. მაგრამ ეს მოთხოვნა მოულოდნელი იყო ტოკიოსა და კანბერასთვის, რადგან თავად აშშ ტაივანისთვის უპირობო დაცვის გარანტიას არ იძლევა" - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
ტაივანთან მიმართებაში აშშ დიდი ხანია "სტრატეგიული ბუნდოვანების" პოლიტიკას მისდევს. კერძოდ, ის არ აცხადებს მკაფიოდ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, დაიცავს თუ არა ტაივანს. ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხჯერ გადაუხვია ამ პოლიტიკას და პირდაპირ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში აშშ ტაივანის დასაცავად იმოქმედებდა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი, სხვა პრეზიდენტების მსგავსად, მსგავსი ნათქვამისგან თავს იკავებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ზეწოლა ძირითადად თავდაცვის უწყებებისკენაა მიმართული, და არა უმაღლესი დონის ლიდერებისკენ. ერთ-ერთი წყაროს თქმით, იაპონიის, ავსტრალიისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებისგან ამ მოთხოვნას "გაოცებული რეაქცია" მოჰყვა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ტაივანთან დაკავშირებულ ჰიპოთეტურ სცენარზე პასუხის გაცემა რთულია". მათ განაცხადეს, რომ რეაგირება განხორციელდება "ინდივიდუალურად და კონკრეტულად, კონსტიტუციის, საერთაშორისო და შიდა სამართლის შესაბამისად".
გამოცემა აღნიშნავს, რომ კოლბის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ჩინეთის მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, მოკავშირეების თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდაზე ზეწოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენს მოკავშირეებთან ინდო-წყნარ ოკეანეში დაახლოებით ისე ვსაუბრობთ, როგორც პრეზიდენტი ევროპაში იქცეოდა და ვეუბნებით - ესაა საფრთხის გარემოება, ეს რთული საუბრებია, განსაკუთრებით ბიუჯეტის საკითხებში. მაგრამ გვჯერა, რომ საბოლოოდ ეს ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება" - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ამავე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ადმინისტრაციას სჯერა, იაპონია და ავსტრალია უფრო სწრაფად გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს, ვიდრე ამას ევროპელი მოკავშირეები აკეთებდნენ.
გამოცემა წერს, რომ თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდის საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია იაპონიისთვის, რადგან ხარჯების ზრდასთან დაკავშირებული ზეწოლა - მათ შორის კოლბის საჯარო მოწოდება, რომელიც პრემიერმინისტრმა შიგერუ იშიბამ ღიად გააკრიტიკა - ემთხვევა ზედა პალატის არჩევნებს, რომლებიც 20 ივლისს ტარდება.
აშშ-ს ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოკავშირეების ადგილობრივი პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინების აუცილებლობა ესმის.
ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი იაპონიიდან და ავსტრალიიდან თავდაცვითი ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებით "დადებით სიგნალებს" იღებს, თუმცა ის აღნიშნავს, რომ "საინტერესოა შედეგების ნახვა - ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია".
"ჩვენ ვდებთ უზარმაზარ დროსა და ენერგიას, რათა ვიმუშაოთ მოკავშირეებთან და ვიპოვოთ გზები, ერთად გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს ისე, რომ ყველა მხარე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს" - თქვა მან.