ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბირთვულ შეთანხმებაზე პირველი ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაჩკიმ განაცხადა.
არაჩკის თქმით, ირანი ამ წინადადებას პრინციპების, ეროვნული ინტერესებისა და ირანელი ხალხის უფლებების შესაბამისად უპასუხებს.
მოგვიანებით, ინფორმაცია დაადასტურეს თეთრ სახლშიც. როგორც პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ირანს დეტალური წინადადება გაუგზავნა. ლევიტის თქმით, ამ წინადადებაზე თანხმობა ირანის ინტერესებშია.
მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის გაგზავნილი წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, „ნიუ იორკ თამსს“ ანონიმური წყაროები უცხადებენ, რომ ეს უფრო ძირითადი პუნქტების სიაა, ვიდრე შეთანხმების საბოლოო პროექტი.
წყაროებზე დაყრდნობით „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ წინადადება ითვალისწინებს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ასევე რეგიონული ბირთვული ენერგიის გაერთიანების შექმნას, რომელშიც შევლენ აშშ, ირანი, საუდის არაბეთი და სხვა არაბული სახელმწიფოები.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მთავარი მოთხოვნაა, ირანი არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ირანმა და აშშ-მა ომანის შუამავლობით მოლაპარაკებები აპრილის თვეში დაიწყეს.