ლითონის უცნაურმა ნაჭერმა, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში იმალებოდა მიწაში, შეიძლება ახალი სინათლე მოჰფინოს ძველი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ კულტურას.
არქეოლოგიურ ძეგლ სანსინდუიზე აღმოჩენილი დაახლოებით 3000 წლის არტეფაქტი რკინისგან დამზადებულ ცულის მსგავს ობიექტს ჰგავს — სავარაუდოდ, ეს მასალა დედამიწაზე კოსმოსიდან ჩამოვარდა მეტეორიტის სახით.
აღმოჩენა საოცარია და ნათელს ჰფენს როგორც სანსინდუის კულტურას, ისე ძვირფას ობიექტთა დასამზადებლად რკინის გამოყენებას იქამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე რკინის გამოდნობის მეთოდი გავრცელდებოდა.
„სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ყველაზე ადრეული ბრინჯაოს ხანის მეტეორიტული რკინის პოვნა ავსებს კრიტიკულ ნაპრალს რეგიონის მეტალურგიულ ჩანაწერებში და ახალ ცნობებს გვაძლევს რკინის ადრეული გამოყენების შესახებ როგორც რეგიონულად, ისე გლობალურად“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სიჩუანის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჰიჩაო ლი ხელმძღვანელობდა.
სანსინდუი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, თარიღდება ძვ. წ. 2800 – 600 წლებს შორის შუალედით. პიკს შანგის დინასტიის დროს მიაღწია, ძვ. წ. 1600 – 1050 წლებს შორის და დატოვა ხატოვანი, შემზარავი ხელოვნება და რიტუალზე ძლიერი აქცენტის მტკიცებულება.
სანსინდუის ხალხის მიერ დამზადებულ დეპოზიტთა ერთ-ერთი ტიპია ე. წ. მსხვერპლშეწირვის ორმოები გალავანშემორტყმული ქალაქის რიტუალურ უბანში. არქეოლოგებმა რვა ორმოში აღმოაჩინეს დაახლოებით 17 000 საოცარი სარიტუალო ობიექტი, მათ შორის, ბრინჯაოს ნიღბები, ფიგურები, სპილოს ძვალი და ჟადეიტის ხელსაწყოები.
ამ ორმოების ზუსტი დანიშნულება უცნობია, მაგრამ ნაცრის, ნახშირისა და ზოგიერთ ობიექტზე წვის კვალის არსებობა მიუთითებს, რომ მათ შეიძლება სარიტუალო შესაწირავებისთვის იყენებდნენ.
რაც არ უნდა ყოფილიყო მათი დანიშნულება, ეს ორმოები ფასდაუდებელი წყაროა არტეფაქტებისა, რომლებიც გვეხმარება, გავიგოთ ამ ხალხის ესთეტიკური და მატერიალური პრინციპები.
თუმცა, მსხვერპლშეწირვის ერთ ორმოში აღმოჩნდა განძი, რომლის მსგავსიც სხვა არცერთ ორმოში არ იყო.
„სანსინდუიში აღმოჩენილ მრავალ არტეფაქტს შორის, ნომერ 7 ორმოში აღმოჩნდა რკინის უჩვეულო არტეფაქტი (K7QW-TIE-1). ის ვერტიკალურად იყო ჩასმული აღმოსავლეთ კედლის სამხრეთი მონაკვეთის ძირში. წაგრძელებულია და ნაჯახის მსგავს ხელსაწყოს ჰგავს“, — წერენ მკვლევრები.
ობიექტის სიგრძე დაახლოებით 20 სანტიმეტრია, სიგანე კი 5-8 სმ. აღმოჩენისას ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ, მეცნიერებმა სათუთად გათხარეს ორმოს ის ნაწილი, რომელშიც ის იყო ჩაფლული და მთლიანი ბლოკი ამოიღეს ლაბორატორიაში შესასწავლად.
მიმდებარე არტეფაქტთა ქრონოლოგია ობიექტის შანგის დინასტიით ათარიღებს, პერიოდით, როცა ჩინეთში რკინის გამოდნობა ჯერ გავრცელებული არ იყო. თუმცა, რენტგენულმა ფლუორესცენციამ ცხადყო, რომ ობიექტის წონის სულ მცირე 90 პროცენტი რკინაა, 7,41 პროცენტი ნიკელი და დანარჩენი მიკროელემენტები.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი შემადგენლობის მიღწევა რთული იქნებოდა გვიანდელი პერიოდის შანგის ლითონის დამუშავების მეთოდებით.
ბრინჯაოს ხანაში ხელსაწყოებს, იარაღებსა და სამკაულებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ, აქედან მოდის სახელიც. ჩინეთში ეს პერიოდი დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს დაიწყო. ეს შენადნობი მტკიცე იყო და ადვილად ხელმისაწვდომი, მზადდებოდა გამდნარ სპილენძში კალის და სხვა ლითონების შერევით.
თუჯის დნობა ჩინეთში მხოლოდ ძვ. წ. 800 წელს დაიწყო, როცა გავრცელდა მადნიდან რკინის გამოდნობის ტექნოლოგია, მას შემდეგ, რაც ხალხმა ისწავლა, როგორ მიეღწია ამ პროცესისთვის საჭირო მაღალი ტემპერატურისთვის.
ამიტომ, ბრინჯაოს ხანაში რკინის გამოყენება უჩვეულოა, მაგრამ არა უპრეცედენტო. მსოფლიოს სხვა ადგილებში, მათ შორის ჩინეთშიც, ზოგიერთი იშვიათი და ძვირფასი არტეფაქტი დამზადებულია რკინისგან, რომელიც მიწიდან კი არ არის მოპოვებული, არამედ ციდანაა ჩამოვარდნილი.
თუმცა, სანსინდუის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს იშვიათი მასალა აქ შეიძლება განსხვავებულად გამოიყენებოდა. ჩინეთის ცენტრალურ ვაკეებზე აღმოჩენილი ობიექტებისგან განსხვავებით, რომლებშიც ხშირადაა მეტეორიტულ რკინაში ბრინჯაოა შერეული, სანსინდუის არტეფაქტი მთლიანად რკინისგანაა დამზადებული.
„სანსინდუიში მეტეორიტული რკინის არსებობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს განსხვავებულ მეტალურგიულ პრაქტიკას სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, განსხვავებით ცენტრალური ჩინეთის ვაკეების იმ პერიოდის პრაქტიკებისგან“, — წერენ მკვლევრები.
გარდა იმისა, რომ სარიტუალო ორმოში აღმოაჩინეს, ეს ობიექტი საინტერესო შესაძლებლობას ბადებს იმისა, რომ მეტეორიტული რკინა სანსინდუის ხალხისთვის არა მხოლოდ ჩვეულებრივი მასალა იყო, არამედ საკმარისად ძვირფასი, რათა ის ორმოში რიტუალებისთვის გამოეყენებინათ.
კვლევა Archaeological Research in Asia-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.