200-ზე მეტი ქალი ამბობს, რომ ისინი იყვნენ მილიარდერ მუჰამედ ალ-ფაიედის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები. ამაზე მათ მას შემდეგ ილარაკეს, რაც გასულ კვირაში, ეგვიპტელი მილიარდერის, ლონდონში უნივერმაღ Harrods-ისა და პარიზში, სასტუმრო Ritz-ის მფლობელის შესახებ ფილმი გამოვიდა. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

ფილმში „ალ-ფაიედი: მტაცებელი Harrods-იდან“, ხუთი ქალი ყვება, რომ ალ-ფაიედმა ისინი გააუპატიურა. ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში მიმაროს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ახლა პოლიცია იძიებს, ჰყავდა თუ არა ალ-ფაიედს თანამზრახველები.

ეგვიპტელი მაგნატის შვილი, 37 წლის ომარ ფაიედი ამბობს, რომ შეძრწუნებულია „ბრალდების მასშტაბითა და ხასიათით“, რომელმაც „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი სათუთი მოგონებები“ მამის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუჰამედ ალ-ფაიედი ათწლეულების განმავლობაში მალავდა დანაშაულს ფულისა და მუქარის სანაცვლოდ.

პირველი ცნობები შესაძლო ძალადობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა: უნივერმაღში გოგონების მიმართ მისი „არასწორი საქციელის“ შესახებ იცოდნენ, თუმცა, „უფრო სერიოზული“ ბრალდებების თაობაზე არ სმენოდათ.

Harrods-ის ამჟამინდელი მფლობელები ბოდიშს იხდიან „ბიზნესის ისტორიაში სამარცხვინო პერიოდის“ შესახებ.

მუჰამედ ალ-ფაიედი ლონდონში, 2023 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2013 წლის მონაცემებით, მისი ქონება შეადგენდა 1,4 მილიარდ დოლარს. იმის გამო, რომ სიცოცხლეში მილიარდერის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობები არ გავრცელებული, მის შესახებ დაწერილ მრავალრიცხოვან ნეკროლოგებში ამის თაობაზე არაფერი თქმულა.

წყარო: რადიო თავისუფლება