რამდენად იხარჯება ტურიზმის სექტორიდან შემოსული თანხები კვლავ საქართველოში, მოიხმარს თუ არა სტუმარმასპინძლობის სექტორი ქართულ პროდუქტებს, რამდენად თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან თუ საწარმოებთან და რა წილი უჭირავს სტუმრების კვებაში იმპორტს ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტმა“ სტუმარმასპინძლობის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, რომ ქართული პროდუქცია მაქსიმალურად მოიხმარონ, თუმცა ჩვენთან საუბრისას ზოგიერთ მათგანი აღნიშნავს, რომ პროდუქტები დეფიციტურია და სეზონურობა ახასიათებს.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ თუ რომელ პროდუქტს მოიხმარს ესა თუ ის ობიექტი სრულად დამოკიდებულია მენეჯმენტზე და ამ საკითხის  განსაზღვრის ერთი კონკრეტული ფორმულა არ არსებობს.

„ეს დამოკიდებულია მენეჯმენტზე, ზოგი ქართულს მოიხმარს, ზოგი იმპორტირებულს, ასე ვერ გაიგებ. არის მენეჯმენტი რომელსაც ურჩევნია შემოტანილი სერტიფიცირებული პროდუქტი მოიხმაროს, არის მენეჯმენტი, რომელიც ქართულზე აკეთებს არჩევანს. ერთი ფორმულა არ არსებობს“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროების ქსელ „ინნ ჰოსფითალითის“ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი ქართულ პროდუქციაზეა გაკეთებული. როგორც ჩვენთან საუბრისას „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს  სასტუმროების ქსელი და მასში შემავალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ მაქსიმალურად ცდილობს, აითვისოს ადგილობრივი ბაზარი და ადგილობრივი წარმოების პროდუქტი.

„ახალციხე ინნ“ ბაზარზე  ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ეს მიმართულება ჩვენი სავიზიტო ბარათია. მუდმივად ვცდილობთ, სტუმრებს დავახვედროთ ძირძველი კუთხის, მესხეთის ტრადიციული კერძები, როგორიც არის აპოხტის ხინკალი, საქონლის და ღორის აპოხტი, ლოკოკინები, სუჯუხი, მესხური პური, მესხური ქადა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, რითაც ვუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას. მესხეთში განვითარებულია მესაქონლეობა, აქედან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოების პროდუქტი საკმაოდ მრავალფეროვანია.

რაც შეეხება თევზის ნაირსახეობებს, როგორიც არის ზუთხი, კალმახი და ორაგული, ამ პროდუქტებითაც ათვისებული გვაქვს ადგილობრივი ბაზარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა.

ბოსტნეულის წარმოების კუთხითაც, მაქსიმალურად ავითვისეთ ადგილობრივი ბაზარი. მესხეთში მოდის კომბოსტო, კარტოფილის სხვადასხვა ნაირსახეობა, შავი ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო. ყველა პროდუქტი, ცხადია, ეკოლოგიურად სუფთაა და შესაბამისად, ეს სეგმენტიც მაქსიმალურად ათვისებულია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენი ევროპელი სტუმრებისთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო მესხური პროდუქტისგან დამზადებული გოგრისა და სოკოს წვნიანი.

სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას „ახალციხე ინნ“-ში ყველასთვის ცნობილი მესხური ქადა იმსახურებს, რომლის შემადგენელი ინგრედიენტებიც არის ადგილობრივი წარმოების (მესხური ერბო, ნიგოზი, წითელი დოლის ჯიშის ხორბალი).“- აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში 70% ადგილობრივი წარმოებაა, მომსახურე პერსონალის 100%-იც ადგილობრივი კადრია.

„ჩვენს სასტუმროში ადგილობრივი წარმოების გამოყენების წილი 70%-ს შეადგენს. მომსახურე პერსონალიც არის 100% ადგილობრივი კადრი, რომელთაც გაიარეს გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ამ ეტაპისთვის მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი დონის სერვისს. „ინნ ჰოსფითალითი“ და მასში შემავალი ოთხივე სასტუმრო სამომავლოდაც გეგმავს, რაც შეიძლება მეტად გაზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წილი ობიექტებზე და მომსახურება მაქსიმალურად დაუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.“ - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

გუდაურში მდებარე კაფე „მთვრალი ალუბალის“ დამფუძნებელი მირანდა ესაკია ამბობს, რომ  ქართული პროდუქცია სამწუხაროდ ძვირია, თუმცა მიუხედავად ამისა „მთვრალი ალუბალი“ ცდილობს, რომ არ აიღოს რუსული ზეთი, რომელიც გაცილებით იაფია და შეიძინოს  ქართული. ასევე საწებლების, ტყემლის და ღვინის შემთხვევაშიც კაფე მაქსიმალურად ცდილობს არჩევანი ქართულზე გააკეთოს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სეზონურობის და ფასის გამო იმპორტირებულ პროდუქტზე უწევს არჩევანის გაკეთება.

„სამწუხაროდ ქართული პროდუქტი ძვირი ღირს, მაგრამ „მთვრალი ალუბლის“ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ავიღო რუსული ზეთი, რომელიც  გაცილებით იაფია, ესეც  უბრალოდ ჩემი პატრიოტული დამოკიდებულებაა, სხვა მხრივ  ფასებით ქართული პროდუქტი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს.

ზამთარში რთულია ყველანაირი ბოსტნეულის მოპოვება, არ გვაქვს სასათბურე მეურნეობა განვითარებული, ამიტომ იძულებული ვართ რომ ბოსტნეულიც  იმპორტული ვიყიდოთ.  ხორცის, ყველის და ფქვილის  გარდა,  ფქვილიც ხომ შემოდის და  ჩვენ ვაფასოებთ, სადღაც 60-70% იმპორტირებულ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებული.

რაც შეეხება ქართულ საწარმოებთან და ქართველ ფერმერებთან თანამშრომლობას„მთვრალი ალუბალი“ სხვადასხვა  ხორცის ღვინის და ყველის მწარმოებელთან თანამშრომლობს, ასევე  ზეთი იქნება ტყემალი, კეტჩუპი თუ სხვა მსგავსი, საწარმოებთან ვთანამშრომლობთ, დანარჩენი ყველაფერი იმპორტირებულია. როგორც აღვნიშნე კონკურენტული ნამდვილად არ არის ქართული პროდუქცია.“ - აღნიშნა მირანდა ესაკიამ.

გუდაურში მდებარე რესტორან „პლატფორმას“ დამფუძნებელი და მეპატრონე მერაბ თოფჩიშვილი აცხადებს, რომ როდესაც არჩევანის საშუალება აქვს, თუნდაც ქართული უფრო ძვირი ღირდეს, ქართულს ირჩევს, ასევე ჯემების და კომპოტების მიმართულებით მუდმივად თანამშრომლობს კასპში მდებარე საწარმოსთან.

„მაგალითად საქონლის ხორცი უშუალოდ ქართულია, ჩათვალეთ ჩვენვე ვაწარმოებთ და ფერმაში ვზრდით, ღორის ხორციც ქართულია, ყველის უდიდესი ნაწილი ქართულია, თუ არჩევანის საშუალება მაქვს მაგალითად კარტოფილის და სხვა პროდუქტის შემთხვევაში, თუნდაც ძვირი ღირდეს, ქართულს ვირჩევ. 

კომპოტებს, სასმელებს, ჯემებს, სადაც ვნახავ ქართულ,ს ყოველთვის ქართულზე ვაკეთებ არჩევანს, თუ არ არის, მაშინ იძულებული ვარ ავიღო იმპორტირებული.

სოფლის მეურნეობის პროდუქტები რაოდენობრივად სექტორს ვერ აკმაყოფილებს, მაგალითად ბადრიჯანი, წიწაკა, ბულგარული,  ფორთოხალი ზამთრის პერიოდში შემოგვაქვს, კიტრი-პომიდორიც მხოლოდ  ნაწილობრივ აკმაყოფილებს. კარტოფილი სრულად საკმარისია, ხახვი ნაწილობრივ, ნიორი არ არის საკმარისი. რაც საქართველოში მოდის, ცოტა ძვირი, რომ ღირდეს ქართულს ვირჩევ. ჯემები, კომპოტები კასპში მდებარე საწარმოდან მომაქვს, ჩემი მიზანია და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ქართულ წარმოებას ხელში შეეწყოს, იგივე  სახმარ  საშუალებებზე, ხელსახოცებზე და ა.შ. „კრიალაზე“ გადავედი. მაგრამ არის რაღაც სეგმენტი, რომელიც  გაცილებით ძვირი ღირს და ამიტომ იძულებული ვარ არჩევანი იმპორტირებულზე გავაკეთო“ - აღნიშნა მერაბ თოფჩიშვილმა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას  განმარტავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სექტორმა ტურისტების გამასპინძლება სრულად უზრუნველყოს, შესაბამისად სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოთხოვნა ჩნდება იმპორტირებულ პროდუქტებზე.

„ქართველ ფერმერს დღეს ხარისხიდან გამომდინარე გასაღების პრობლემა არ აქვს, თუმცა სექტორი ძალიან არის დამოკიდებული სეზონურობაზე. მაგალითად  მეზობელ თურქეთში იწარმოება სოფლის მეურნეობის ნებისმიერი პროდუქტი 12 თვის განმავლობაში და იქიდან  არის  იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში შეიძლება  მაღალი ხარისხით  არ გამოირჩევა იგივე თურქული, ან თუნდაც ეგვიპტიდან  ჩამოსული სხვადასხვა პროდუქტი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა  სეზონზე ფერმერი ობიექტისთვის ვერ ახერხებს პროდუქტის მიწოდებას, ობიექტს მისი ჩანაცვლება იმპორტირებულით უწევს

რაც შეეხება ფერმერების წახალისებას, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელთა განხორციელებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  ეკონომიკის  სამინისტრო მიერ ხდება, თუმცა სამწუხაროდ ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის და დიდი დრო სჭირდება.  რისი  სურვილიც ჩვენ ინდუსტრიული სახით გვაქვს, ამას სჭირდება დრო და განვითარება და მენტალური მიდგომაც, რადგან როგორც  წარსულში თუნდაც პირდაპირ მოხმარებისთვის ხდებოდა მოყვანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინდუსტრიულად ეს დღეს გამართლებულია.

ფერმერმა უნდა ისწავლოს რა მოთხოვნები აქვს სექტორს ინდუსტრიულად, უნდა ისწავლოს განვითარება და ა.შ. ჩვენ დაახლოებით 10-15 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ განვვითარდეთ. სოფლის მეურნეობის სექტორში არ არის მოგების დიდი მარჟა, ხშირ  შემთხვევაში დოტაციაზეა და კერძო სტრუქტურებიდან დიდი თანხები არ იდება. მოწოდება რომელიც დღეს ბაზარზეა, საკმარისი არ არის სფეროსთვის“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.