Telegram $30 მლრდ-ად შეაფასეს, ხოლო აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა 900 მილიონს აღწევს და კომპანია IPO-ს გეგმავს. ამის შესახებ მესენჯერის დამფუძნებელმა და მფლობელმა პაველ დუროვმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუროვმა უარყო პლატფორმის გაყიდვის შესაძლებლობა.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ მონეტიზაცია არის ის, რომ გვინდოდა დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ზოგადად, განვიხილავთ IPO-ს ღირებულებას, როგორც Telegram-ის ღირებულებაზე წვდომის დემოკრატიზაციის საშუალებას“, აცხადებს პაველ დუროვი Financial Times-თან.

გამოცემის თანახმად, Telegram სავარაუდოდ შეეცდება ლისტინგს შეერთებულ შტატებში, როგორც კი კომპანია მიაღწევს მომგებიანობას და ბაზრის პირობები გახდება ხელსაყრელი. დუროვს არ გაუკეთებია კომენტარი დროისა და შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ Telegram-მა რამდენიმე ვარიანტი განიხილა.