კონდიციონერი ვიღაცისთვის გაგრილების საშუალებაა, ამერიკისთვის კი ის მოწყობილობაა, რომელმაც შენობების არქიტექტურა  შეცვალა და ფაქტობრივად, თანამედროვე ამერიკული ცხოვრების წესი შექმნა.

გამაგრილებელი მოწყობილობების გამოჩენამდე ადამიანებს სახლებში ტემპერატურის შესამცირებლად სხვადასხვა საშუალებების გამოგონება უწევდათ. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არაეფექტური ან ძალიან ძვირი იყო. მაგალითად, ყინულის შეძენა, რომელიც ზამთარში ინგლისის გაყინული წყალსატევებიდან მოჰქონდათ, ყველას არ შეეძლო. გარკვეულ დრომდე ადმიანებს სიცხისგან მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე, მწვანე სივრცეების სიჭარბე და წყალთან სიახლოვე იცავდა. გარდა ამისა, ხალხი სამხრეთის ცხელ შტატებში გადასვლას არ ჩქარობდა, სწორედ ამიტომ თითქმის ყველა დიდი ამერიკული ქალაქი ქვეყნის შედარებით კომფორტულ ჩრდილოეთ ნაწილში აშენდა.

ასე გამოიყურებოდა ყინულის გამყიდველი 1939 წელს

თუ მე-20 საუკუნის დასაწყისის ნიუ-იორკის ნებისმიერ ფოტოს დახედავთ, დაინახავთ წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემით აღჭურვილ მაღალსართულიან შენობებს, ქუჩის განათებას, მაღაზიებს, მიწისზედა თუ მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. და ამ თანამედროვე ქალაქში ადამიანები მხოლოდ  ყინულის ნატეხის და  ვენტილატორის დახმარებით გრილდებოდნენ.

კონდიციონერის გამოჩენამ ამერიკული არქიტექტურა მთლიანად შეცვალა, რაც განსაკუთრებით კერძო სექტორს დაეტყო. კონდიციონერის გამოჩენამდე მშენებლობაში ძირითადად, ქვას და აგურს იყენებდნენ, რომლებიც სიცხესაც და სიცივესაც დიდხანს ინარჩუნებენ. ოთახებს მაღალი ჭერი ჰქონდათ, რომ ცხელი ჰაერი მაღლა ასულიყო და ადამიანებს შედარებით გრილი ჰაერი ესუნთქათ. მოგვიანებით, ჭერის ვენტილატორები გამოჩნდა, რომლებსაც ზამთარში თბილი ჰაერის მაღლა ატანა, ზამთარში კი დაბლა დაშვება ევალებოდათ. 

კერძო სახლები ძირითადად, ორსართულიანი შენდებოდა. მეორე სართულზე საძინებლები იყო განთავსებული, რომლებსაც მხოლოდ ღამით იყენებდნენ და ფანჯრებს ფართოდ აღებდნენ. ინტერიერის განიავებისთვის შენობას ფანჯრები ყველა მხრიდან უკეთდებოდა.

ჩრდილის შესაქმნელად სახლების სამხრეთ მხარეს და ქუჩებში ხეებს რგავდნენ. ხეებით და ბუჩქებით დამშვეენებულ პატარა უკანა ეზოსაც თავისი როლი ჰქონდა - ფანჯრებისა და კარის გაღება-დახურვის დროს  ეზოდან სახლში გრილი ჰაერი შედიოდა, ცხელი კი გარეთ გამოდიოდა. მზისგან დასაცავად ფანჯრებს ჟალუზებით ან სქელი ფარდებით ფარავდნენ. მაღალსართულიან სახლებში მცხოვრები ადამიანები გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ. ექსტრემალური სიცხის დროს ისინი თავს პლაჟებს და აუზებს აფრებდნენ. 

განსაკუთრებით ცხელ დღეებში ქუჩებში უფასო ყინული რიგდებოდა. ნიუ-იორკი, 1900 წ.

ადამიანი, რომელმაც ამერიკა შეცვალა, 25 წლის უილის კერიერი იყო, რომელიც Buffalo Forge Company-ში ინჟინრად მუშაობდა. 1902 წელს მან მსოფლიოში პირველი, თანამედროვე ჰაერის კონდიცირების სისტემა შექმნა, რათა ბრუკლინში მდებარე სტამბაში (Sacket&Wilhems) წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა გადაეჭრა. 1904 წელს უილის კერიერმა საკუთარი გამოგონება დააპატენტა. მან მსოფლიოში პირველად, ისეთი ტიპის კონდიცირების სისტემა შექმნა, რომელსაც ერთდროულად ჰაერის გაწმენდა, გაგრილება, დატენიანება და გამოშრობა შეეძლო. თანამედროვე კონდიციონერები ახლაც ამ პრინციპით მუშაობს. პირველი კონდიციონერი უზარმაზარი მექანიზმი იყო, რომელიც თითქმის მთელ სარდაფს იკავებდა. 1902 წელს ნიუ-იორკის ბირჟამ თანამშრომლების კომფორტისთვის კერიერს კონდიცირების სისტემა შეუკვეთა. პირველ კონდიციონერს მეორე მოჰყვა და ამერიკაში კონდიცირების ეპოქა დაიწყო.. 

პირველი ადამიანი, ვის სახლშიც კონდიციონერი დამონტაჟდა, ბიზნესმენი ჩარლზ გეიტსი იყო, თუმცა მაღალი ღირებულებისა და უზარმაზარი ზომების გამო, კონდიციონერებით, ძირითადად დიდი ბიზნესი ინტერესდებოდა.  გამაგრილებელ მოწყობილობებს უნივერმაღებში, კინოთეატრებში, სასტუმროებსა და მსგავს ადგილებში ამონტაჟებდნენ.  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საცხოვრებელ სახლებში მათი ხილვა დიდი იშვიათობა იყო.

პირველი კინოთეატრი, სადაც კონდიციონერი დადგეს ნიუ-იორკის „რივოლი“ იყო. გაგრილების სისტემის ამუშავების შემდეგ კინოთეატრში ბილეთების გაყიდვა რამდენჯერმე გაიზარდა. „რივოლის“ მიაწყდნენ ადამიანები, რომლებსაც ზაფხულის ცხელ თვებში, დახუთულ სივრცეში ყოფნა აშინებდათ. კონდიცირების სარგებელი იმდენად აშკარა იყო, რომ სულ რაღაც ხუთ წელიწადში 300-ზე მეტი კინოთეატრი გამაგრილებელი სისტემით აღიჭურვა. კინოთეატრების პარალელურად, კონდიციიონერებს ამონტაჟებდნენ ოფისებში, მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ქარხნებში, რკინიგზის ვაგონებში და ა.შ. 

1931 წელს პირველი ფანჯრის კონდიციონერი გამოჩნდა, თუმცა მისი  ფასი საცხოვრებელი სახლის ფასს არ ჩამოუვარდებოდა. გამაგრილებელი  მოწყობილობა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა. ხელმისაწვდომმა კონდიციონერმა უძრავი ქონების ბაზარზე რევოლუცია მოახდინა და ქვეყნის დემოგრაფია შეცვალა. სამხრეთის შტატებიდან მოსახლეობის გადინება შეწყდა და  ფლორიდის, კალიფორნიის, ტეხასის, ჯორჯიის, ნიუ-მექსიკოსა და სხვა „ცხელი შტატების“ აქტიური დასახლება დაიწყო. დიდი ქალაქების ირგვლივ იაფფასიანი ხის სახლები აშენდა, რამაც გარეუბნებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია  გამოიწვია და ამერიკა სამუდამოდ შეცვალა. 

ზაფხულის ცხელ თვეებში ოკეანის სანაპიროზე დასვენების აუცილებლობა გაქრა და ხალხმა გრილ სახლებში, ტელევიზორებთან გადაინაცვლა. ამას ბევრი ამერიკული კურორტის დახურვა მოჰყვა. ამავდროულად, კონდიციონერით აღჭურვილმა მანქანებმა და თვითმფრინავებმა ისეთ ადგილებში დასვენება, როგორიცაა  მექსიკა ან კარიბის ზღვის აუზი შესაძლებელი გახადა.

კონდიციონერის გამომგონებელი 1950 წლის ოქტომბერში, ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. 1998 წელს გამოცემა Time-მა უილის კერიერი საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

წყარო: tia.ge