ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობისთვის მთავრობა საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას გეგმავს. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში გადასახადები გაუნულდებათ.

რა მოლოდინებს უქმნის სტარტაპებს დაგეგმილი ცვლილებები. თემაზე რადიო „კომერსანტის“გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „Biliki“-ს დამფუძნებელმა თორნიკე ცირამუამ ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა საქართველოში  სტარტაპეკოსისტემის  განვითარებას ხელს  შეუწყობს.

„სტარტაპებისთვის თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ასეთი ტიპის შეღავათები წესდება, ეს არის კიდევ ერთი დამატებით სტიმულირება, რომ მოხდეს სხვა ასეთი სტარტაპერების და ანტრეპრენერების წახალისება, რომ შექმნან და კიდევ უფრო მეტი სტარტაპი დააფუძნონ ქვეყანაში, რათა განვითარდეს ეს ინდუსტრია.

მსგავსი ტიპის მიდგომები ძალიან ბევრ ისეთი ქვეყანაში გვხვდება, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ინდოეთი და  სხვა ევროპული ქვეყნები, იქ  არის ზუსტად  ასეთი ტიპის  საგადასახადო შეღავათები და კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებენ სტარტაპებს, რათა დააარსონ და შემდეგ უკვე  განავითარონ.“ - აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.

ცირამუას თქმით, დღეს სტარტაპების მიმართ ცნობიერება ამაღლებულია, მეტი უნივერსიტეტია სტარტაპის ეკოსისტემაში ჩართული, ისწავლება და კიდევ  უფრო მეტი პრეაქსელერატორი და აქსელერატორი ჩნდება სტარტაპ ეკოსისტემაში, რაც კიდევ  უფრო მეტად გვანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად ვითარდება  ეს ინდუსტრია.

„ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც უნდა იყოს, ეს არის  ტექნოლოგიები და ინოვაცია, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ საგადასახადო შეღავათებს არ გულისხმობს, ეს ინიციატივა გულისხმობს დამატებით ახალი აქსელერატორების ქვეყანაში  შემოყვანას და დაარსებას და კიდევ  უფრო მეტი ინვესტიციის გაჩენას, რაც ცხადია მერე უფრო გადაითარგმნება იმაში, რომ  მეტი და მეტი  სტარტაპ ეკოსისტემა შეიქმნება და შემდეგ კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

უფრო მეტი დაინტერესებაა დღეს დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ, ადრე თუ იყო, რომ საქართველო არ ჩანდა რუკაზე მსოფლიო სტარტაპ ინდუსტრიაში და  დღეს უკვე ეს შეცვლილია და ეს  ნაბიჯი და ინიციატივაც ამას ხელს  შეუწყობს“ - აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.

მისი თქმით, პირველად  ხდება საქართველოში, როდესაც სტარტაპებს  საკანონმდებლო დონეზე ენიჭება სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ხშირად მიწევს რეგიონებში ჩასვლა და სხვადასხვა სტარტაპ აქსელერატორებში როგორც ტრენერს, ისე ჩართვა, იქ შემოდიან სტარტაპები, როგორც არა ინოვაციური და გადიან როგორც  ინოვაციური, მათ იდეებში ბევრი ტექნოლოგია შემომყავს, რაც წევს ქვეყანაში ტექნოლოგიების გაჩენის  დონეს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება  რომ ქვეყანაში  ბევრი  ტექნოლოგიური და  ინოვაციური  სტარტაპი  შეიქმნას და უკვე კონკრეტული  სახელი დაერქვას. ეს დამატებითი სტიმულია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე იკავებდა თავს სტარტაპის დაფუძნებისგან, დღე უკვე  გადადგამს ამ ნაბიჯს“ - აღნიშნა თორნიკე ცირამუამ. 

ცირამუას თქმით დღეს სტარტაპების მთავარი გამოწვევა ცოდნის და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაა.

„ერთი რაც არის  მნიშვნელოვანი,  GITA-მ  შეცვალა მიდგომები  გრანტებთან მიმართებაში. დღეს 150 000 ლარიანი გრანტების  შემთხვევაში  გაზრდილია  ეტაპები და უფრო მეტი დრო ეთმობა ისეთი ტიპის ინფორმაციის და ცოდნის გაზიარებას, რაც კიდევ უფრო მეტად მომზადების ხდის სტარტაპს „ფიჩინგისთვის“, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტია პროცესში ჩართული. სტუდენტი რომელიც შედის უნივერსიტეტში და მანამდე არ უფიქრია სტარტაპის შექმნაზე შემდეგ გასჩენია მოტივაცია, რომ შექმნას სტარტაპი და გახდეს ანტრეპრენერი. იღებს ცოდნას თუ როგორ უნდა დაალაგოს ფინანსები, როგორ მოახდინოს ბიუჯეტირება საკანონმდებლო დონეზე და როგორ გაიტანოს თავისი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე.“ - აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.