ჩინური კომპანიის, DeepSeek-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ახალი ჩატბოტის (ვირტუალური თანამოსაუბრე), R1-ის უფასოდ ამუშავებამ უმსხვილეს ამერიკულ და ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დანაკარგი მოუტანა, - იუწყება SkyNews-ი.

ჩინური R1 დასავლეთის კომპანიების ჩატბოტებზე გაცილებით იაფია და იგივე შესაძლებლობები აქვს.

ექსპერტების თქმით, R1 ChatGPT-ზე ბევრად კრეატიულია. მხოლოდ ერთ დღეში ჩინური ჩატბოტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა და ამერიკული ტექნოლოგიების კომპანიის Nvidia-ს აქციები 600 მილიარდი დოლარით გააუფასურა.

ევროპაში განსაკუთრებით დაზარალდა კომპანია Siemens Energy AG. მისი აქციები თითქმის 20%-ით გაუფასურდა.

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ OpenAI-ს ChatGPT, Google-ს Gemini, Anthropic Claude და ბევრი სხვა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მსოფლიო ტექნოლოგიურ არენაზე გამოჩნდა ჩინური მოდელი DeepSeek-R1, რომელსაც მსჯელობა და რთული დავალებების შესრულება შეუძლია.

ჩინური კომპანია DeepSeek-ი 2023 წელს დაფუძნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩატბოტის შექმნა მხოლოდ 5,6 მილიონი დოლარი დაჯდა, როდესაც სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს ამაში მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა DeepSeek-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საგანგაშო სიგნალი უწოდა და განაცხადა, რომ ეს სტიმულია ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის 500 მილიარდიანი დოლარის ღირებულების პროექტი Stargate-ი დაიწყება.

წყარო: იმედინიუსი