Apple-მა დასაკეცი iPhone-ების ორი პროტოტიპი შექმნა, ამის შესახებ The Information წერს. ცნობილია, რომ კომპანია 2018 წლიდან მუშაობს დასაკეცი სმარტფონებისა და პლანშეტების ტექნოლოგიაზე. თუმცა, რამდენად მალე იხილავს მას მომხმარებელი უცნობია.

გამოცემის ცნობით, დასაკეცი iPhone განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ მის ბაზარზე გამოჩენას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. იგივე გამოცემა ირწმუნება, რომ Apple ავითარებს დასაკეცი iPad პლანშეტს, რომელიც კომპანიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრობლემები შეექმნა დასაკეცი სმარტფონის განვითარებაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ Apple-მა ახლახან განიხილა აზიის მომწოდებლებთან შეკვეთები დასაკეცი iPhone-ის 2 განსხვავებული ზომის კომპონენტებისთვის. თუმცა, კომპანიამ შესაძლოა საბოლოოდ გააუქმოს დასაკეცი სმარტფონის პროექტი, თუ პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ხარისხისა და დიზაინის მაღალ სტანდარტებს.

სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ Apple-ის სამრეწველო დიზაინის გუნდს სურდა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც გაშლისას იქნებოდა უფრო თხელი, ვიდრე ახლანდელი iPhone მოდელები, რათა დაკეცილი არ ყოფილიყო ძალიან სქელი. პროტოტიპების შემუშავების ფარგლებში, კომპანიის ინჟინრებმა და დიზაინერებმა განიხილეს დასაკეცი მოწყობილობის დამატებითი გარე ეკრანით აღჭურვის შესაძლებლობა. თუმცა, ბატარეისა და ეკრანის ტექნოლოგიების არასაკმარისმა განვითარებამ Apple-ისთვის ეს ამოცანები გაართულა.

Apple-მა შეაჩერა დასაკეცი iPhone-ის პროექტი დაახლოებით 2020 წელს და ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილა დასაკეცი iPad პროექტზე, რომელიც დაახლოებით iPad mini მოდელის ზომის უნდა იყოს.

იმასაც წერენ, რომ Apple-ს სურს, რომ მოწყობილობას ჰქონდეს სრულიად ბრტყელი ეკრანი გახსნისას, ნაკეცების გარეშე, რაც საშუალებას მისცემს მას თავისუფლად გამოიყენოს ხატვისთვის.