ევროკავშირში აცხადებენ, რომ „რადიო თავისუფლებას“ 5,5 მილიონი ევრო გამოეყოფა მათი მუშაობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუმცა საუბარია მოკლევადიან დახმარებაზე და არა გრძელვადიან დაფინანსებაზე.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ეს თანხა მოხმარდება მაუწყებლობას ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„გაუფილტრავი კონტენტის ზრდის ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიხარია, გამოვაცხადო, რომ ვამზადებთ 5,5 მილიონი ევროს კონტრაქტს დემოკრატიის ევროპულ ფონდთან, რომელიც მხარს დაუჭერს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ეს არის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება, რათა მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“, – აღნიშნულია კალასის განცხადებაში.

ამასთან, კაია კალასის თქმით, გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გადაწყვეტილების მოძებნა. თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, თავისუფალი მედიის მხარდაჭერა რჩება ევროკავშირის ინვესტიციების სტრატეგიულ მიმართულებად.

მაისის დასაწყისში შვედეთის ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად 1,84 მილიონი ევრო გამოყო. ცნობისთვის, მანამდე „რადიო თავისუფლება“ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრებით ფინანსდებოდა ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით. 2024 წელს რადიო თავისუფლების ბიუჯეტი 142 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2025 წლის მარტში აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება, მიუხედავად კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხებისა. შედეგად, 122 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამ პერიოდში „რადიო თავისუფლებას“ მუშობა არ შეუწყვიტავს. აპრილში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ტრამპის ადმინისტრაციამ მედიას 12 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს იმ სახსრებიდან, რომლებიც ადრე კონგრესმა დაამტკიცა. 2025 წლის ოქტომბრამდე „რადიო თავისუფლებამ“ მთავრობისგან უნდა მიიღოს კიდევ 77 მილიონი დოლარი დამტკიცებული დაფინანსებიდან.

1tv.ge