შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 1იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.
ცნობისთვის: ექიმებისა და ექთნების შემდეგ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პრინციპი სანიტრების, ბებიაქალების, ექთნის თანაშემწეებისთვისა და უმცროსი ექთნებისთვისაც ამოქმედდება.
ცვლილებები 2024 წლის იანვრიდან შედის ძალაში.
დადგენილების თანახმად, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ასეთია:
ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;
ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;
ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;
ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში.
აღნიშნული რეფორმის შეფასებისას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს.
„შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და ამ მიმართულებით სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა არ არსებობს. დარღვევები დიდწილად სხვა საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა ხელშეკრულების ფორმა თუ ხელშეკრულების სხვადასხვა დარღვევები,“ - აღნიშნა ფერაძემ.