მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, დიდ დიღმის დასახლებულ პუნქტთან ახლოს,  ბეტონის ქარხნის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. როგორც დიდ დიღმელები აცხადებენ, მსგავსი ტიპის ქარხანა ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, ამასთან ბეტონმზიდების მოძრაობა დიდ დიღომში არსებულ საცობების პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

არქიტექტურის სამსახურისგან გაცემული ნებართვის გაუქმების მოთხოვნით 15 მარტს შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 3 დღეში უკვე 2500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ტერიტორიის მესაკუთრე, სადაც ქარხანა უნდა აშენდეს, შპს „მშენებელი თბილისი“ 95-ია. რა ბედი ელის ბეტონის ქარხანას და განიხილება თუ არა სხვა ალტერნატივები - „კომერსანტი“ ვითარების გასარკვევად შპს „მშენებელი თბილისი 95“-ის დირექტორს ოლეგ ჭანყოშვილს დაუკავშირდა.

ოლეგ ჭანყოშვილი აქცენტს ქარხნის დანადგარების სიახლეზე და სტანდარტებთან შესაბამისობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ქარხნის ფუნქციონირება მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.

„მაგ ქარხანას ISO სერთიფიკატთან ერთად კიდევ 4 სერთიფიკატი აქვს. მსგავსი ქარხანა, არავის არ აქვს. ამრევსაც კი ფილტრი უყენია. უახლესი მოდელია. ასეთი ქარხანა საქართველოში არ არსებობს. სრულიად, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შემოვიყვანო ახალი.  არავითარი მეორადი. თუ თქვენ მანდ მეორად ტექნიკას ნახავთ, მოდით და ქარხანა გამიჩერეთ,“- განაცხადა ოლეგ ჭანყოშვილმა.

„მშენებელი თბილისი 95“-ის დირექტორი ადგილმონაცვლეობის თემასაც არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ქალაქიდან მოშორებულ ტერიტორიაზე მუშაობა გაცილებით მეტ მანქანას მოუწევს.

„მე რომ მერიამ შემომთავაზოს ტერიტორია სადღაც 15კმ-ს მოშორებით, ერთი მანქანის მაგივრად , 10-15 მანქანა ხომ უნდა ვამუშაო? იმან დღის მანძილზე უნდა იტრიალოს და არ გაჩერდეს (დაქოქილი უნდა იყოს). რომელი ჯობია, ერთმა მანქანამ იმუშაოს თუ 15-მა და გამონაბოლქვი გამოყოს?“

ოლეგ ჭანყოშვილის თქმით, ის მზადაა დიალოგისთვის, როგორც მოსახლეობასთან ასევე მერიასთანაც.

თუ არ მომცა მერიამ ნებართვა, როგრო ავამუშავებ. ალბათ მონაცვლეობას გამიკეთებს. სხვა შანსი მე არამაქვს. ძალიან დიდი ფული გადავიხადე. მითხრეს რომ ადგილმონაცვლეობას გაგიკეთებთო, მაგრამ ჯერ ალტერნატიული გზა არ ჩანს.  სანამ მერიასთან და ხალხთან არ შევთანხმდები, არც ვაპირებ. ჯერ ერთი, ეს ქარხანა არ არის დამაზიანებელი. თუ, სიტყვაზე ვთქვათ, მაინცდამაინც ჩათვალეს რომ დამაზიანებელია, ადგილმდებარეობას თუ მომცემენ...მოიმიზეზეს, რომ იქიდან შემოდის ჰაერის ნაკადი. ცოტა კამკვირვებია ეგეთი რაღაც, მაგრამ შეიძლება, არ ვიცი. დამიკავშირდნენ და ერთად გადავწყვიტოთ რა არის და რა არა. არ შეიძლება დაუსაბუთებლად თქვან, რომ არ ვარგა. ქრისტიანი, მოზიარე ადამიანი ვარ და არ ვარ ის ადამიანი, ბავშვებს (და არამარტო) საფრთხე შევუქმნა. მეც ბავშვები მყავს,”- აცხადებს ოლეგ ჭანყოშვილი.

საკითხის გასარკვევად „კომერსანტი“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. როგორც მერიაში განაცხადეს ამ ეტაპზე ინვესტორსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმინარეობს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„დიდი დიღმის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერია და საბურთალოს რაიონის გამგეობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორსა და მოსახლეობას შორის. პროცესი მიმდინარეა და შეთანხმების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.“- განუცხადეს კომერსანტს მერიაში.