აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით "შეთანხმება მიღწეულია".

"არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არსებობს საკანონმდებლო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, საჭიროდ არ მიგვაჩნია". - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

ე.წ. პრეზიდენტის აზრით, აგარაკის თემას იმისთვის იყენებენ, რომ "მოახლოებული [საპრეზიდენტო] არჩევნების წინ სიტუაცია დაიძაბოს".

"[სახელმწიფო აგარაკის შესახებ] გადაწყვეტილება მიღებულია – სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა. გადაწყვეტილება, რომელზეც აფხაზეთის ყველა ლიდერი თანხმდებოდა".

გარდა ამისა, ბჟანიამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზეთის ხელისუფლებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა", განსაკუთრებით მათი, რომლებიც "რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილნი".