აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ENKA-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიიღო გადაწყვეტილება ICC-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობისა და აღსრულების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, არსებული მდგომარეობით, გადასახდელი კომპენსაცია ასე ნაწილდება: 443,258,952 დოლარი; 356,190.82 ევრო; 40,362.72 გირვანქა სტერლინგი. აღნიშნულ თანხებს სრულ გადახდამდე დაერიცხება SOFR + 4% პროცენტი, ყოველდღიური დარიცხვით. შესაბამისად, კომპენსაცია ამჟამად დაახლოებით 1.15 მილიარდ ლარს აღწევს.

უფრო მარტივი სიტყვებით რომ ავხსნათ, საქართველო „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა დამატებითი ადგილობრივი გენერაციის შექმნისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. თუმცა საბოლოოდ მივიღეთ რეალობა, როდესაც პროექტი არ განხორციელდა, ქვეყანას კი მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება წარმოეშვა.

თუმცა ფინანსურ ზიანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეპუტაციული ზიანიც, რომელიც მსგავსმა შემთხვევამ შეიძლება ქვეყნის ენერგეტიკულ საინვესტიციო გარემოს მიაყენოს. როდესაც მსხვილი ინვესტორი უყურებს ამ გამოცდილებას, ბუნებრივია, გაუჩნდეს კითხვა - რამდენად პროგნოზირებად გარემოში მოუწევს მას საქართველოში ინვესტიციის განხორციელება?

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის, რადგან ახალი სადგურების მშენებლობას დიდი ინვესტიცია სჭირდება. თუ ახალი ინვესტიციები არ შემოვა, გაგვიჭირდება ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ხოლო თუ ახალი გენერაცია არ შეიქმნა, დეფიციტურ პერიოდებში ისევ მოგვიწევს ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებიდან შეძენა. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება გარკვეულ რისკებს ქმნის, მათ შორის ფასების კუთხითაც. თუ რეგიონულ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი იზრდება და ამ დროს ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ეს ბუნებრივია საქართველოზეც აისახება.

„ნამახვანჰესის“ პროექტის ჩავარდნამ, ხოლო შემდგომში განვითარებულმა სამართლებრივმა პროცესებმა ბევრი რამ გვასწავლა, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

პირველი, რაც ნათლად დაგვანახა, არის ის, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის დაწყებამდე აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას მოუტანს პროექტი ქვეყანას, რა გავლენა ექნება მათ რეგიონზე, გარემოზე და უშუალოდ მათ ცხოვრებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ მოსახლეობის კითხვების მოსმენა და მათზე პასუხების გაცემა.

სამწუხაროდ, ნამახვანჰესის პროექტის დროს ვნახეთ, რომ სახელმწიფოს, ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ნდობა სათანადო დონეზე ვერ ჩამოყალიბდა. ამ პროცესში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ქმედებებიც ყოველთვის ეფექტიანი არ იყო. შესაბამისად, მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელებისას აუცილებელია მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობა.

ამავე დროს, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია ინვესტორისთვისაც პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ინვესტორი გადის საკმაოდ რთულ ბიუროკრატიულ პროცესებს, დებს დროს, ფულსა და ენერგიას, იღებს შესაბამის ნებართვებს და იწყებს პროექტის განხორციელებას. თუ ამის შემდეგ ჩნდება ისეთი პრობლემები, რომლებიც პროექტის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის, ეს ბუნებრივია სხვა პოტენციური ინვესტორებისთვისაც ნეგატიური სიგნალია.

მეორე გაკვეთილი, რაც ასევე აუცილებლად აღსანიშნია, კაშხლოვანი და რეზერვუარიანი ჰესების მნიშვნელობაა. გენერაციის შეზღუდვა და წყლის ე.წ. დაღვრა საქართველოსთვის ახალი პრობლემა არ არის. გასული წლებისა და მიმდინარე წლის გამოცდილებაც კარგად აჩვენებს, რომ გარკვეულ პერიოდებში გვაქვს წყლის რესურსი, რომლის სრულად გამოყენებასაც ვერ ვახერხებთ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი მარეგულირებელი სიმძლავრეები. საქართველოში არსებობს რეზერვუარიანი ჰესები, თუმცა მათი შესაძლებლობები ქვეყნის ენერგოსისტემის საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. მეტი კაშხლოვანი ჰესი მოგვცემდა შესაძლებლობას, წყლის რესურსი რეზერვუარებში შეგვენახა და მაშინ გამოგვეყენებინა, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს.

თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, აუცილებელია ვიფიქროთ ასეთი პროექტების განვითარებაზეც. საქართველოში მსხვილი კაშხლოვანი ჰესების პოტენციალი შეზღუდულია და ამ კონტექსტში წლების განმავლობაში საუბარია, მათ შორის, ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესებზე. ასეთი პროექტები ქვეყანას მისცემდა შესაძლებლობას, უკეთ გამოეყენებინა არსებული წყლის რესურსი და დამატებითი გენერაცია მიეღო იმ პერიოდებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ნამახვანის შემთხვევიდან მთავარი გაკვეთილი სწორედ ეს უნდა იყოს. ქვეყანას სჭირდება ახალი ენერგეტიკული პროექტები და ინვესტიციები, მაგრამ გასათვალისწინებელია ქვეყნის ენერგეტიკული ინტერესები, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და ინვესტორის წინაშე აღებული ვალდებულებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ იგივე შედეგი -  პროექტი ვერ განხორციელდეს, ქვეყანამ დაკარგოს წლები, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და ამასთან ერთად დაზიანდეს ნდობაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ.