საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, აშშ-ის სენატის მიერ კევინ უორშის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალ ხელმძღვანელად დამტკიცებას ეხმაურება. 

გოცირიძე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Fed-ის ყოფილი თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი არ უყვარდა, რადგან მიაჩნდა რომ ის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ის იყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მომხრე, ეწინააღმდეგებოდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპმა “ფედისგან” მოითხოვა იაფი ფულის პოლიტიკის გატარება და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, უორშმაც რადიკალურად იცვალა აზრი.

„ამერიკის სენატმა ამერიკის ცენტრალური ბანკის (ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემის) ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა. იგი კევინ უორში გახდა. 

ყოფილი თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი არ უყვარდა ტრამპს, ხშირად ესხმოდა თავს  და მოუწოდებდა გადადგომისაკენ, რადგან მიაჩნდა, რომ იგი ზედმეტად მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებდა, რაც ხელს უშლიდა ეკონომიკურ ზრდას. სინამდვილეში პაუელი ცდილობდა ფასების სტაბილურობას, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. აქ კონფლიქტი ინსტიტუციონალურიცაა და პიროვნულიც - ტრამპს სჭირდება პოლიტიკური დივიდენდები და ეკონომიკური ზრდით თავმოწონება, ცენტრალურ ბანკის ამოცანა კი პირველ რიგში ინფლაციის შემცირებაა. 

ვინ არის “ფედის” ახალი უფროსი?

იგი იყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მომხრე, ეწინააღმდეგებოდა იაფი ფულის პოლიტიკას და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპა “ფედისგან” მოითხოვა რბილი ფულად-საკედიტო პოლიტიკის ანუ იაფი ფულის პოლიტიკის გატარება და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, მანაც რადიკალურად იცვალა აზრი. იყო ქორი, გახდა მტრედი. 

აი ძირითადი გამონათქვამები მასზე: 

პოლ კრუგმანი (ნობელის ლაურეატი): "კევინ უორში არის კაცი, რომელიც ყოველთვის მართალია... თუ მიზანია გამოიცნო რისი მოსმენა სურს მის პოლიტიკურ პატრონს მოცემულ მომენტში. ის იყო “ქორი”, მაშინ, როცა ეს აწყობდა და გახდა “მტრედი”, მაშინვე, როგორც კი დაწინაურების შანსი გაუჩნდა."

ჯოზეფ სტიგლიცი(ნობელის ლაურეატი): "ჩვენ არ გვჭირდება “ფედის” თავმჯდომარე, რომელიც ეკონომიკურ თეორიას პოლიტიკური ქარის მიხედვით ცვლის. ეს საფრთხეს უქმნის ინსტიტუციურ ნდობას."

ნურიელ რუბინი(ეკონომისტი): " უორშის “კონვერტაცია”საოცრად დაემთხვა ვაკანსიის გაჩენას. ეს უფრო კარიერული ოპორტუნიზმია, ვიდრე ეკონომიკური განათლება."

ბენ ბერნანკე (“ფედის” ყოფილი თავმჯდომარე): "ეს არის “წამების ეკონომიკა”, როცა მონაცემებს აწამებ მანამ, სანამ ის იმას არ იტყვის, რაც პრეზიდენტს უნდა."

მოკლედ, არც თუ ისე სასიამოვნო შეფასებებია. კარგი ისაა, რომ “ფედში” გადაწყვეტილებებს ერთი კაცი არ იღებს და ამ უწყების მუშაობა საკმაოდ დაბალანსებულია, მაგრამ პირველი პირი მაინც პირველი პირია. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, გამომდინარე დამოუკიდებლობის ხარისხისა და იმუნიტეტისა, ბევრი შემდეგ საპირისპირო პოზიციას იკავებს. ეს ეხება მოსამართლეებსაც, რომლებმაც არ გაუმართლეს ტრამპს ზოგ შემთხვევაში“, - წერს რომან გოცირიძე.