ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის თანახმად, 2028 წლისთვის, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება - წერს Reuters.

მიწოდების თანდათანობითი შეწყვეტა, 2026 წლის იანვრიდან დაიწყება, როდესაც ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის იმპორტი აიკრძალება.

2026 წლის ივნისიდან, შეზღუდვა მოკლევადიან ხელშეკრულებებზეც გავრცელდება, ხოლო 2028 წლის იანვრიდან გრძელვადიანი კონტრაქტებით მიწოდების სრული აკრძალვა ამოქმედდება - წერს სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, ინიციატივას მხარი თითქმის ყველა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა, რადგან მათი ეკონომიკა კვლავ დამოკიდებულია რუსულ ენერგიაზე. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი, ამ ქვეყნებს ავალდებულებს, მოამზადონ ეროვნული გეგმები 2028 წლისთვის, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შესაჩერებლად.

ამასთან, ევროკავშირი განიხილავს, უნდა მოხდეს თუ არა LNG-ის გადაზიდვების წინასწარი დამტკიცება გადაზიდვამდე და საბაჟო შემოწმება ევროკავშირის პორტებში ჩასვლისას, რათა დარწმუნდნენ, რომ თხევადი ბუნებრივი აირი რუსული წარმოშობის არ არის. საფრანგეთმა და იტალიამ მოითხოვეს წარმოშობის შემოწმების მექანიზმის დაზუსტება.

ელჩების მიერ დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ა.წ. 20 ოქტომბერს დასამტკიცებლად ევროკავშირის მინისტრებს წარედგინება. გეგმის დასამტკიცებლად საჭირო იქნება წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%-ის კვალიფიციური უმრავლესობა. ამის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები და ევროპარლამენტი კანონის საბოლოო ტექსტზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, 2021 წლის 45%-დან, ამჟამად, დაახლოებით 12%-მდე შემცირდა. თუმცა, რიგი ქვეყნები, მათ შორის უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია, კვლავ აგრძელებენ რუსული გაზის შეძენას.

სააგენტო აღნიშნავს, რომ პარალელურად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-19 პაკეტს განიხილავს, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, რუსული თხევადი ბუნებრივი აირი, 2027 წლის იანვრიდან - დაგეგმილზე ერთი წლით ადრე - აიკრძალება.

მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა